არსებული საინჟინრო გადაწყვეტილებით, რომელიც არსებობს, შემაერთებელი სადგური არის სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე, ახალქალაქში, არანაირი სხვა ვარიანტი არ განიხილება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს ყარსი-ახალქალაქის რკინიგზასთან დაკავშირებით ანკარაში, რუსეთის, თურქეთისა და აზერბაიჯანის სარკინიგზო კომპანიებს შორის გამართული შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა. პრემიერმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი სხვა მოთამაშის შემოერთების საკითხი, პროექტში მონაწილე ყველა ქვეყნის თანხმობის შემთხვევაში გადაწყდება.
„ეს არის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი ჩვენთვის და არსებობს სამ ქვეყანას შორის ხელმოწერილი ხელშეკრულება, სადაც კონკრეტულად განსაზღვრულია პრინციპები, რომლითაც ხორციელდება ეს პროექტი. სამუშაოების დიდი ნაწილი დასრულებულია და ჩვენ აუცილებლად დავამთავრებთ პროექტს იმ საინჟინრო გადაწყვეტილებით, რომელიც არსებობს. ამ საინჟინრო გადაწყვეტილების მიხედვით, შემაერთებელი სადგური არის სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე, ახალქალაქში.
ანკარაში რა შეხვედრაც გაიმართა, ეს არის სრულიად სხვა რაკურსის შეხვედრა, როგორც ჩანს, ვინაიდან სამ ქვეყანას შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მხოლოდ ყველა ქვეყნის თანხმობის შემთხვევაშია შესაძლებელი, მას შემოუერთდეს ნებისმიერი სხვა მოთამაშე. სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე იქნება შემაერთებელი სადგური, სადაც მოხდება ე.წ. ევროპული სტანდარტის რკინიგზის შეერთება ჩვენი სტანდარტის რკინიგზასთან და ეს მოხდება სწორედ ახალქალაქში. არანაირი სხვა ვარიანტი არ განიხილება“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.