"რეზონანსი" - "შრომით უფლებებს მხოლოდ იმგვარი ფასი აქვს საქართველოში, როგორიც იმ ფურცელს, რომელზეც ის არის დაწერილი"

შრომის კოდექსი და შრომის ინსპექციის გაზრდილი უფლებები, დასაქმებულთა არათუ თანასწორ გარემოში მუშაობის საშუალებას ვერ იძლევა, მათ სიცოცხლესაც კი ვერ იცავს. დამოუკიდებელი პროფკავშირები თვლიან, რომ სიტუაციის გამოსწორების ერთადერთი გზა, სახელმწიფოს ნებაა, დაიცვას მოქალაქე და მისი სიცოცხლე.

ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს შრომით კოდექსში ბევრი ცვლილება განხორციელდა, თუმცა რეალური ცვლილებები, რომლებიც დასაქმებულებზე აისახებოდა, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ არ მომხდარა. კოდექსი პრაქტიკაში ადამიანთა შრომითი უფლებების ერთგვარ დამცავ მექანიზმად ვერ იქცა, რადგან ადამიანები სამუშაო ადგილებზე ჯერ კიდევ იღუპებიან. ამას მოწმობს ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე განვითარებული მოვლენები. მაღაროებსა და სხვა ობიექტებზე მუშებს, დღესაც იგივე პირობებში უწევთ მუშაობა და უსაფრთხოების ნორმები, უბრალოდ, არ არსებობს. მხოლოდ ბოლო სამი თვის განამავლობაში, სამუშაო ადგილზე 16 დასაქმებული გარდაიცვალა.

გაზეთ "რეზონანსთან" საუბრისას "სოლიდარობის ქსელი – მშრომელთა ცენტრის" თავმჯდომარემ სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მთავარი პრობლემა არის, შრომის ინსპექციის მცირე უფლებები და ასევე ის, რომ ინსპექცია მოქმედებს პოსტ ფაქტუმ.

"შრომის ინსპექციას შეუძლია, რომ შევიდეს ისეთ სამუშაო ობიექტებზე, სადაც არის მძიმე მავნე და საშიში პირობები. შეამოწმოს უსაფრთხოების ნორმები, მაგრამ არ შეუძლია, მომსახურების სფეროში შესვლა უსაფრთხოების ნორმების შესამოწმებლად და ასევე უფლებების შემოწმება. ჩვენ ვამბობთ, რომ შრომის უფლებები პირდაპირ დაკავშირებულია შრომის უსაფრთხოებასთან. შრომის უსაფრთხოება ვერ იქნება თუ შრომის უფლებები არ არის. ამის განხორციელების საშუალება კი არ აქვს შრომის ინპექციას და სწორედ ეს არის ყველაზე სუსტი ნაწილი. კანონი მიიღეს რამდენიმე თვის წინ, თუმცა აღსრულება ყოველთვის საკმაოდ ძნელია, რადგან შრომის უფლებებს ვერ ასრულებენ. ზუსტად ეს გამოჩნდა ორი კვირის წინ, როდესაც დაიღუპა ორი ადამიანი“, - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

მაღაზიის თანამშრომლებს ეშინიათ იმ გარემო პირობებზე საუბარი, რაც დღესდღეობითაა, რადგან არ იციან რა მექანიზმით უნდა დაიცვან თავი სიმართლის თქმის შემდეგ:

"მე არ ვაპირებ ინტერვიუს ჩაწერას და საუბარს იმაზე, რაც აქ ხდება, რადგან არ ვიცი როგორ უნდა დავიცვა ამის შემდეგ ჩემი უფლებები. თუ ვინმე მოვა ჩემთან და მეტყვის ვინ დამიცავს და რა შემიძლია მოვიმოქმედო, მაშინ მეც მოგიყვები იმაზე თუ რეალურად რა ხდება იქ, სადაც მე ვმუშაობ", - განუცხადა "რეზონანსს" კერძო მაღაზიის თანამშრომელმა ნ. ცინცაძემ.

სხვადასხვა ობიექტების ყოფილი თანამშრომლები უფრო თამამად საუბრობენ დარღვევებზე, რადგან სამსახურის დაკარგვის შიში არ აქვთ. შპს "ნიკორას" ყოფილი თანამშრომელი გაზეთ ამბობს, რომ შრომით უფლებებს, სამწუხაროდ, მხოლოდ იმგვარი ფასი აქვს საქართველოში, როგორიც იმ ფურცელს, რომელზეც ის არის დაწერილი.

"24 საათი ვმუშაობდი, სამ დღეში ერთხელ და ეს დრო ჩემთვის აუტანელი იყო. ღამის მანძილზე დარბაზში ყველაფრის კეთება მე მიწევდა, ვიყავი კონსულტანტი, მოლარე, დამლაგებელი, მუშა. მოკლედ, ყველაფერი მევალებოდა თუ რამე იყო გასაკეთებელი. დაცვაც მე ვიყავი მარკეტის რამე მოულოდნელი საფრთხის შემთხვევაში. ხელფასს გვაჭრიდნენ ყოველი თვის ბოლოს, არასდროს ამიღია სრული თანხა. ამის მიზეზი ხდებოდა ისევ "ნიკორას" თანამშრომლების ინტრიგები. ვადაგასულს თუ აღმოაჩენდნენ რამეს ან კიდევ თვის ბოლოს თუ გეგმა არ იქნებოდა შესრულებული, ხელფასის ნაწილს ისინი იტოვებდნენ. 12 საათის განმავლობაში მხოლოდ 20 წუთი შემეძლო რომ დამესვენა. 24 საათის მანძილზე 40 წუთით შესვენება ძალიან ცოტაა. ასეთი გაუსაძლისი პირობების გამო წამოვედი ზუსტად", - ეს 21წლის მარიამ გოგნელაშვილის კომენტარია, რომელიც უფრო თამამი აღმოჩნდა ჩვენთან საუბრის დროს და ხმამაღლა ისაუბრა იმ დარღვევებზე, რომელიც საკუთარ თავზე გადაიტანა.

"დასაქმებულს დღეის მდგომარეობით უფლება მხოლოდ თეორიულ ჭრილში აქვს, სასამართლოში თუკი იჩივლებს დაახლოებით 3 წლის შემდეგ შეიძლება მოიგოს პროცესი. მანამდე არანაირი ბერკეტი არ გააჩნია. პროფკავშირები თუ ძლიერები არ იქნებიან, შედეგს ვერ მივიღებთ. ისიც იმ შემთხვევაში თუ სასამართლოში შევიტანთ სარჩელს, რომელიც სამ თვეში განიხილება. მაშინ შრომის ინსპექციას უფლება ახლავე უნდა მიენიჭოს. მხოლოდ ეს გადაარჩენს მშრომელებს.

მეორე ვარიანტია გაფიცვა. თუ თანამშრომლები გაერთიანდებიან და დაიცავენ საერთო ინტერესს, ყველანი უნდა მივიდნენ დავიდნენ ერთ იდეამდე. ასევე შეუძლიათ ჩვენ მოგვმართონ და მედიასთან ვიშუამდგომლებთ და "დავაშინებთ" კომპანიას, მაგრამ რეაგირება მაინც გარანტირებული არ არის, კეთილი ნების გარეშე“, - განუცხადა "რეზონანსს" "სოლიდარობის ქსელის – მშრომელთა ცენტრის" თავმჯდომარემ სოფო ჯაფარიძემ.

მარიამ ხულიაშვილი

გაზეთი "რეზონანსი"