ხელშეკრულების არც ერთი ცალკეული მხარე უფლებამოსილი არ არის ცალმხრივად შეცვალოს რამე ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტში, მით უფრო, საქართველოს ინტერესების საზიანოდ,-ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა, რომლის მიხედვითაც, რუსეთი ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტს უერთდება.
მისივე თქმით, შეხვედრები შესაძლოა, შედგეს სხვადასხვა ფორმატში და სხვა თემატიკაზე, მაგრამ საქართველოს მონაწილეობის გარეშე პროექტში ვერანაირი ცვლილება ვერ შევა.
„ეს შეხვედრა, სავარაუდოდ, ეხებოდა სხვა თემატიკას. შეიძლება გაიმართოს სხვადასხვა შეხვედრები სხვადასხვა ფორმატში და ალბათ, სხვა თემატიკას ეძღვნებოდა. შეიძლება საუბარი იყოს უბრალოდ ტვირთების მოზიდვაზე ჩვენს რეგიონში, მაგრამ არც ერთ ცალკეულ მხარეს არ აქვს უფლება, ცალმხრივად შეცვალოს რამე ამ პროექტში, ამ პროექტს იმ ფორმით ვახორციელებთ, როგორითაც არის დამტკიცებული და შეთანხმებული და შეესაბამება ჩვენს სუვერენულ ინტერესებს,"-გაცხადა თურნავამ.
ამასთან , მინისტრის თქმით, ბაქო-თბილისი- ყარსის პროექტი სტრატეგიული პროექტია, რომელიც შეესაბამება საქართველოს სუვერენულ ინტერესებს იმ ფორმით, როგორიც დღესაა დამტკიცებული და შეთანხმებული სამ სახელმწიფოს შორის, ანუ საქართველოს ტერიტორიაზე ლოგისტიკური ჰაბის მოწყობით.
ცნობისთვის, გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის, აზერბაიჯანის და თურქეთის სარკინიგზო კომპანიების ხელმძღვანელებმა ხელი მოაწერეს სამმხრივ მემორანდუმს სარკინიგზო გადაზიდვების განვითარებაში თანამშრომლობის თაობაზე და დოკუმენტი კოორდინირებულ მოქმედებებს ბაქო-თბილისი-ყარსის მარშრუტის რეგულარულ გადაზიდვების უზრუნველყოფის მიზნით და ეკონომიკურად დასაბუთებული ტარიფების დადგენას ითვალისწინებს.
რუსეთის რკინიგზის ინფორმაციით, რუსეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის რკინიგზის ხელმძღვანელებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სარკინიგზო გადაზიდვების განვითარებაში თანამშრომლობის თაობაზე. რუსული მედიის ინფორმაციით, დოკუმენტი კოორდინირებულ მოქმედებებს ბაქო-თბილისი-ყარსის მარშრუტზეც ითვალისწინებს.