„ტურისტს ვერ ვაჩერებთ“ – რატომ არ ჩადიან ტურისტები ანაკლიაში

მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, ჩაბნელებული ქუჩები, გასართობი და სპორტული ცენტრების არარსებობა - ეს იმ პრობლემების მცირე ჩამონათვალია, რის გამოც ანაკლიას დღემდე ძალიან ცოტა ტურისტი სტუმრობს. ვინც ჩადის, ისიც მაქსიმუმ 2 დღით ჩერდება.

კურორტზე მდებარე სასტუმროებში ამბობენ, რომ „ტურისტებს ვერ აჩერებენ“, რადგან გასართობი ადგილები არაა. ანაკლიაში დამსვენებლების სიმრავლე მხოლოდ მუსიკალური ფესტივალების დღეებში შეინიშნება, სხვა დროს, კურორტი ფაქტობრივად, ცარიელია.

ანაკლიაში ამჟამად სულ 3 სასტუმრო - „პალმ ბიჩი”, “ ანაკლია“ და „ოქროს საწმისი“ ფუნქციონირებს. იმის გასარკვევად, თუ როგორ ემზადებიან ისინი ტურისტული სეზონისთვის და რა გამოწვევების წინაშე დგანან, „ბიზნესპრესნიუსი“ სასტუმროების წარმომადგენლებს ესაუბრა.

ანაკლიაში მდებარე 3-ვარსკვლავიანი სასტუმრო „ანაკლიას“ მენეჯერი ლევან ჩხიკვაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ სასტუმრო ტურისტული სეზონისთვის მზადებას თვის ბოლოდან დაიწყებს. მისივე თქმით, პრობლემაა ის, რომ ტურისტის მოსაზიდად ანაკლიაში პრაქტიკულად, არანაირი ინფრასტრუქტურა არ არსებობს.

„მზადება ჯერჯერობით არ დაგვიწყია, მაისის ბოლოს ვაპირებთ დაწყებას. გარშემო საერთოდ არაფერი არ არის. ყველაზე დიდი პრობლემა ესაა. ვთქვათ, 5 დღით უნდა ადამიანს ანაკლიაში ჩამოსვლა, რა უნდა გააკეთოს, სად წავიდეს ?!,“- განაცხადა ლევან ჩხიკვაძემ.

კითხვაზე, რა უნდა გაკეთდეს და იქნება თუ არა ანაკლიის პორტი დამატებითი სტიმული რეგიონის განვითარებისთვის, სასტუმრო „ანაკლიას“ მენეჯერი განმარტავს, რომ „ბევრი რამაა გასაკეთებელი და ანაკლიის პორტის მშენებლობა დამატებითი კი არა, ძირითადი სტიმული იქნება ანაკლიის განვითარებისთვის“.

„ბევრი რამაა გასაკეთებელი, გრძელი ჯაჭვია, რომელიც ერთიანად უნდა გაკეთდეს,“-განაცხადა ჩხიკვაძემ.

სეზონისთვის უკვე მზადაა 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო „palm beach-ი, თუმცა როგორც მისი მენეჯერი ლელა სულეიმანიშვილი აცხადებს პრობლემაა, რომ „ ტურისტს ვერ აჩერებენ“.

„მარტიდან ყოველთვის მზად ვართ სეზონისთვის, თუმცა ჯერჯერობით ტურისტების მხრიდან ინტერესი ნაკლებია. ანაკლიაში რომ ჩამოდის ტურისტი, შეიძლება დარჩეს ერთი დღე, მაგრამ ტურისტი რომ გავაჩეროთ, ამისთვის პირველ რიგში უნდა გამოსწორდეს ინფრასტრუქტურა. ტურისტებს ვერ ვაჩერებთ, გვქონია შემთხვევა, რომ სტუმარი ჩამოსულა, რამდენიმედღიანი ჯავშანი ჰქონია, მაგრამ მეორე დღესვე წასულა“, - აცხადებს სასტუმროს მენეჯერი.

ლელა სულეიმანიშვილის თქმით, ანაკლიაში განვითარებული არ არის ისეთი სახის ინფრასტრუქტურა, რომელიც ტურისტებთან ერთად ადგილობრივებისთვისაც მნიშვნელოვანი იქნება. ამაზე კი ადგილობრივმა თვითმმართველობამ უნდა იზრუნოს.

„ახლა ანაკლიაში ზღვისპირა ზოლი ფაქტობრივად, თავისუფალია, ერთი კვების ობიექტიც კი არ არის ზღვის სანაპიროზე, არაა გასართობი ცენტრი, სპორტული კომპლექსი, ხელშეწყობა არ არის, რომ ტურისტებს ახლოს მდებარე ტურისტული ადგილები ვაჩვენოთ. არის საკითხები, რაც უშუალოდ ევალება ადგილობრივ თვითმმართველობას. მაგალითად, ნუმერაცია არ აქვს არცერთ სახლს, ყველა უბანში არ არის განათება. როგორც ვიცი გარკვეული სამუშაოები უკვე დაწყებულია და სეზონის დაწყებამდე რიგი საკითხები გამოსწორდება, იმედი მაქვს ინფრასტრუქტურას ვიღაც მიხედავს,“-განაცხადა სულეიმანიშვილმა.

ამასთან, სასტუმროს მენეჯერი აცხადებს, რომ ბოლო წლებში სასტუმროში ტურისტების აქტივობა შემცირებულია და აღნიშნავს, რომ სასტუმროს გასულ წელს ტურისტი ფაქტობრივად, არ ჰყოლია და მაქსიმალურ დატვირთვას ანაკლიაში მდებარე სასტუმროებისთვის მუსიკალური ფესტივალები განაპირობებს.

„ შარშანდელი ტურისტული სეზონი ძალიან ცუდი იყო. ჩვენ თითქმის არ გვყოლია ტურისტი, სასტუმრო ძირითადად დატვირთული იყო „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებით. ერთადერთი პერიოდი, როდესაც სასტუმროები და გესთ ჰაუსები დატვირთულია, ეს არის ფესტივალი. აბსოლუტურად ყველასთვის ფესტივალი არის შემოსავლის ერთ-ერთი წყარო, ვიღაცისთვის შეიძლება ერთადერთიც იყოს,“-აცხადებს „palm beach-ის მენეჯერი.

მისივე თქმით, საჭიროა ინფრასტრუქტურის განვითარება, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობისთვის ანაკლიის პორტი „წინსვლის და ეკონომიკურად გაძლიერების ერთადერთი იმედია“ .

ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე საუბრობს, სასტუმრო „ოქროს საწმისის“ მენეჯერი ირაკლი გვარამია. მისი თქმით, წლებია ამ მიმართულებით არაფერი გაკეთებულა.

„ აქ ვინც ჩამოდის, ყველა აღნიშნავს ანაკლიის კლიმატურ უპირატესობას საქართველოს სხვა საზღვაო კურორტებთან შედარებით, მაგრამ ინფრასტრუქტურული პროექტები გაჩერებულია წლების განმავლობაში, ეს არის პრობლემა. არაა კაფე-ბარები, გასართობი ობიექტები. თავის დროზე გაკეთდა კორტები, სხვადასხვა ობიექტები, მაგრამ ამას განვითარება აღარ მოჰყოლია. კურორტის განვითარების დიდ პოტენციალს ვხედავ და ამისთვის, პირველ რიგში უნდა განვითარდეს ინფრასტრუქტურა,“-განაცხადა „ოქროს საწმისი“ მენეჯერმა.

მისივე თქმით, წელს სასტუმრო ტურისტული სეზონისთვის მზადებას დაახლოებით 10 ივნისს იწყებს, ამასთან ბოლო წლებში შედარებით უკეთესი მდგომარეობაა ტურისტების რაოდენობის თვალსაზრისით, თუმცა ტურისტები ანაკლიაში დიდხანს არ რჩებიან და ძირითადად ერთდღიანი და ორდღანი ვიზიტები სჭარბობს.

„ გასულ წელს ევროპიდან გვყავდა სტუმრები, ძირითადად ერთდღიანი და ორდღიანი ვიზიტებით. ბოლო წლებში იზრდება ტურისტების რაოდენობა, მათ შორის აჭარიდან კი, ძირითადად ოჯახებით ჩამოდიან. მზარდია რუსი და სომეხი ტურისტების რაოდენობაც. თუმცა სპეციალურად ანაკლიისთვის ხალხი არ ჩამოდის. მაგალითად, რომ ჩამოდიან მესტიაში, რამდენიმე დღით ანაკლიასაც სტუმრობენ“, - აცხადებს სასტუმროს მენეჯერი.

მარიამ ტიტვინიძე