GDG+-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან 3-ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა უკვე დაიწყო.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი ბეჟან წაქაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, პროექტზე ნებართა 24 აპრილს მიიღო და ამჟამად წინასწარ მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
საუბარია, 5-სართულიან (1 სართული მიწის ქვეში, 4 - მიწის ზევით), 103 ნომრიან, საშუალო კლასის სასტუმროზე, სადაც რესტორნები და გასართობი სივრცეები განთავსდება.
რაც შეეხება პროექტის საინვესტიციო ღირებულებას, ბეჟან წაქაძის ინფორმაციით, დღევანდელი ხარჯთაღრიცხვით, 4,5 მლნ დოლარს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან სასტუმროს აუცილებლობა მგზავრთა ნაკადის მომატებამ გააჩინა. შესაბამისად, სასტუმრო ტურისტებს, ავიაკომპანიების თანამშრომლებსა და იმ მგზავრებს მოემსახურება, რომლებიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის რეისებით სარგებლობენ.
ამასთან, სასტუმროს ტერიტორიაზე 155 მანქანისთვის გათვლილი საპარკინგე ადგილიც მოეწყობა.
„24 აპრილს მივიღეთ სასტუმროს მშენებლობის ნებართვა და უკვე დავიწყეთ მუშაობა. ტექნიკა მუშაობს, ტერიტორია შემოიღობება და რამდენიმე დღეში ფუნდამენტის ამოჭრას დავიწყებთ.
სასტუმროს შენობა მიწის ზევით 4 სართული იქნება, თუმცა 1 სართული მიწისქვეშ განთავდება. ანუ, ჯამში 5 სართულიანია. პროექტით გათვალისწინებულია 103 ნომერი, თავისი დიდი რესტორნით, ბარით და გასართობი ზონით. ტერიტორიის ფართობი ჯამში, 7500 კვ.მ-ს შეადგენს“,-აცხადებს ბეჟან წაქაძე.
მისივე ინფორმაციით, სასტუმროს 15 ნომერი მაღალი კლასის იქნება, დანარჩენი კი საშუალო სეგმენტზეა გათვლილი.
„სასტუმრო 3-ვარსკვლავიანია და აბსოლუტურად ყველა სეგმენტზეა გათვლილი, როგორც ტურისტებზე, ისე ავიაკომპანიების თანაშრომლებზე. წარმოიდგინეთ, ერთ თვითმფრინავზე მინიმუმ, 5 თანამშრომელი მოდის და მათ უწევთ ქუთაისსა და წყალტუბოში წასვლა, რომ სასტუმროში დაბინავდნენ“, - აცხადებს ბეჟან წაქაძე.
GDG+-ის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ სასტუმროს მშენებლობა სავარაუდოდ, 2020 წლის ბოლოს დასრულდება.
„როგორც იცით, მშენებლობის ნებართვის მიღებას 1 წელზე მეტი დრო დასჭირდა. ამიტომ, გახსნის ვადაც გაგვეწელა. მე ვფიქრობ, კარკასი და შეფუთვა თებერვალში დასრულდება, მომავლი წლის ბოლოს კი სასტუმრო გაიხსნება. იქიდან გამომდინარე, რომ სასტუმროზე დიდი მოთხოვნაა, ჩვენც ძალიან ვჩქარობთ“,-აცხადებს ბეჟან წაქაძე.