2022 წლისთვის ჩვენი ბიუჯეტის მეოთხედი განათლების მიმართულებით დაიხარჯება, რომელიც გარდამტეხი იქნება საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში სემინარზე - „მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მიხეილ ბატიაშვილმა პროექტის -„მასწავლებელი-მეგზური ევროპისკენ“ მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოში განათლების მიმართულებით მუშაობა აქტიურად მიმდინარებს. მან ქვეყნის განათლების სისტემის რამდენიმე წარმატებული მაგალითიც დაასახელა, მათ შორის ევროპის ქვეყნების მიერ ქართული დიპლომების აღიარება.
„მნიშვნელოვანია ის ნაბიჯები, რომელიც ძალიან მალე განხორციელდება და შეეხება ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას, როგორიც არის სკოლების ინფრასტრუქტურის განახლება და პედაგოგების პირობების გაუმჯობესება. 2022 წლისთვის ჩვენი ბიუჯეტის მეოთხედი დაიხარჯება განათლების მიმართულებით, რომელიც გარდამტეხი იქნება საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის. ყოველწლიურად გაზრდილი ბიუჯეტი მოგვცემს საშუალებას, რომ ძალიან მალე დავიწყოთ ყველა იმ პრობლემის გადალახვაზე საუბარი, რომელიც არის თითოეულ სკოლაში, თითოეულ პედაგოგთან, თითოეულ კლასში“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.