Gucci-ის მფლობელი კომპანია იტალიის საგადასახადო ორგანოს 1,25 მლრდ ევროს გადაუხდის

ფრანგული კომპანია Kering-ი, რომელიც ფლობს მთელ რიგ მოდური ტანსაცმლისა და აქსესუარების მწარმოებელ ბრენდებს, მათ შორის Gucci და Yves Saint Laurent-ს, იტალიის საგადასახადო ორგანოებს 1,25 მილიარდ ევროს გადაუხდის. საქმე ეხება კომპანიის მხრიდან გადასახადების დამალვას. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ კომუნიკეში ვკითხულობთ.

„Kering აცხადებს იტალიის საგადასახადო ორგანოსთან შეთანხმების მიღწევის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც აღძრულია მისი შვილობილი შვეიცარული კომპანია Luxury Goods International-ის (LGI) წინააღმდეგ. კომპანიაში აზუსტებენ, რომ თანხის მოცულობა, რომელიც ექვემდებარება გადასახადს - 897 მილიონი ევროა. ამას გარდა, მოხდება პროცენტებისა და დარიცხული ჯარიმების დაფარვაც. შედეგად ჯამში გადასახადის თანხის ოდენობა შეადგენს 1,25 მილიარდ ევროს“, - წერია განცხადებაში.

როგორც მანამდე სააგენტო Bloomberg წერდა, Gucci-ის საგადასახადო აუდიტმა, რომელიც სახელმწიფო ორგანოების მოთხოვნით ჩატარდა, გამოავლინა, რომ კომპანიამ იტალიის ბიუჯეტს დაუმალა 1,4 მილიარდი ევროს გადასახადი. თუმცა კეთდებოდა განცხადება, რომ გამოძიება შვეიცარული კომპანიის LGI -ის საქმიანობაზე მიმდინარეობდა.

2017 წლის დეკემბერში კი გაზეთი La Stampa წერდა, რომ იტალიის სამართალდამცველმა ორგანოებმა Gucci-ის მილანისა და ფლორენციის ოფისებში ჩაატარეს ჩხრეკა. სამართალდამცველებს ეჭვი ჰქონდათ, რომ კომპანია წლების განმავლობაში თავს არიდებდა გადასახადებს და მის გაყიდვებს უთითებდა LGI-ის ანგარიშებში.

კოკა კვირკველია