„როგორი კარგი სასტუმროებიც არ უნდა გვქონდეს, თუ არ იქნება კარგი სერვისი, ტურისტები არ დარჩებიან კმაყოფილი“

„როგორი კარგი სასტუმროებიც არ უნდა გვქონდეს, თუ არ იქნება კარგი სერვისი, ტურისტები არ დარჩებიან კმაყოფილი“ - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა ვერნერ ლიპახმა განაცხადა.

როგორც ცნობილია, აზიის განვითარების ბანკის 52 შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა მდგრადი ტურიზმის განვითარება იყო. ADB-ის პრეზიდენტმა, ტაკეჰიკო ნაკაომ ასევე ისაუბრა საქართველოში ტურიზმის განვითარების მნიშვნელობაზე და მის როლზე რეგიონში. კითხვაზე, თუ რა არის კონკრეტულად დაგეგმილი ამ მიმართულებით, ვერნერ ლიპახმა რამდენიმე პროექტი დაასახელა.

„საქართველო ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის (CAREC) წევრია და ტურიზმის განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტული სფეროა. ჩვენ გავაფართოვეთ პროგრამა. ადრე ის უფრო ფოკუსირებული იყო ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის და ენერგოკავშირების განვითარებაზე. ახლა ჩვენ შევხედეთ საკითხს რეგიონალური პერსპექტივით. საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე ქვეყანაა ტურიზმის განვითარების კუთხით და ვფიქრობ, მისგან საკმაოდ ბევრი რამის სწავლა შეიძლება ტურიზმისა და სასტუმროების ინდუსტრიისთვის ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. თუმცა არის სამი რამ, რაც აუცილებელია ტურიზმის განვითარებისთვის და მისი მდგრადობისთვის. პირველი არის სწორი პოლიტიკის გატარება და ტურიზმის სფეროს წახალისება.

მე ვფიქრობ, რომ საქართველომ ამ მიმართულებით ბევრი სამუშაო უკვე ჩაატარა. მეორე - უნდა დავრწმუნდეთ, რომ გვაქვს კარგი ინფრასტრუქტურა. ამ ეტაპისთვის, ინფრასტრუქტურა საკმაოდ კარგია მსხვილ ქალაქებში - თბილისში და ბათუმში, სადაც საკმაოდ დიდი ინვესტიციები განხორციელდა, მაგრამ კვლავ პრობლემურია ამ კუთხით მესტია და რამდენიმე სხვა რაიონი, სადაც ADB გეგმავს დახმარებას. ჩვენ ვაპირებთ ინვესტიციებს სოფლებში და მცირე ქალაქებში, რომლებსაც აქვთ ტურიზმის განვითარების პოტენციალი. მესამე ასპექტია მუშახელის გადამზადება და ეს ის სფეროა, სადაც ყველაზე მეტი სამუშაოა ჩასატარებელი. როგორი კარგი სასტუმროებიც არ უნდა გვქონდეს, თუ არ იქნება კარგი სერვისი, ტურისტები არ დარჩებიან კმაყოფილი. ქართველები ძალიან თბილი და სტუმართმოყვარე ხალხია, მაგრამ საჭიროა საერთაშორისო სტანდარტების სერვისი.

მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და უკვე ახლაც ტურიზმი ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელია“, - განაცხადა ვერნერ ლიპახმა.