საქართველოში სხვადასხვა სახის ნავთობპროდუქტის იმპორტი იზრდება

მიმდინარე წლის 4 თვის განმავლობაში საქართველოში სხვადასხვა სახის ნავთობპროდუქტის იმპორტი იზრდება. ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2019 წლის აპრილში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა 1,6 ათასი ტონა შეადგინა, რაც ფაქტობრივად, მარტის მაჩვენებლის ანალოგიურია.

ქვეყნების მიხედვით კი, 2019 წლის აპრილში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 0,32 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 20%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ირანი - 0,26 ათასი ტონა (16,2%), თურქეთი - 0,25 ათასი ტონა (15,6%), გერმანია - 0,16 ათასი ტონა (10,0%) და სხვ.

"მიმდინარე წლის იანვარ-აპრილის განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 5,8 ათასი ტონა, რაც 0,3 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

2019 წლის აპრილში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 9,2 ათასი ტონა, რაც 1,1 ათასი ტონით აღემატება მარტის თვის მაჩვენებელს.

ქვეყნების მიხედვით, 2019 წლის აპრილში საავიაციო ნავთის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა ეგვიპტიდან - 3,8 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 41,3%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: თურქეთი - 3 ათასი ტონა (32,6%) და თურქმენეთი - 2,4 ათასი ტონა (26,1 %).

მიმდინარე წლის იანვარ-აპრილის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 30,9 ათასი ტონა, რაც 6,9 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (24,0 ათასი ტონა).

2019 წლის აპრილში საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 10,8 ათასი ტონა, რაც 2,9 ათასი ტონით აღემატება მარტის თვის მაჩვენებალს. აქედან მთელი იმპორტი მოდის ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე.

მიმდინარე წლის იანვარ-აპრილის თვეების განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 30,0 ათასი ტონა, რაც 15,3 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

2019 წლის აპრილში საქართველოში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 1,2 ათასი ტონა, რაც 0,2 ათასი ტონით ნაკლებია მარტის მაჩვენებელთან შედარებით.

მიმდინარე წლის იანვარ-აპრილის განმავლობაში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 3,9 ათასი ტონა, რაც 0,3 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (3,6 ათასი ტონა)",- ნათქვამია ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებაში.