საერთაშორისო რეზერვები გაიზარდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 30 აპრილისთვის საერთაშორისო რეზერვების მთლიანმა მოცულობამ 3,623 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 574 მლნ დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2018 წლის აპრილის მონაცემებით, რეზერვების მოცულობა 3, 049 მლრდ დოლარს შეადგენდა.
3,623 მლრდ დოლარიდან სავალუტო რეზერვი 3,422 მლრდ დოლარს შეადგენს. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში სავალუტო რეზერვების მოცულომა 2,840 მლრდ დოლარს შეადგენდა. აქტივები ასევე მოიცავს სავალუტო ფონდში 200 მლნ სესხების სპეციალურ უფლებებს.
აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკი ბოლო ერთი წლის განმავლობაში საკმაოდ აქტიურად ყიდულობს დოლარს. 2018 წლის აპრილიდან დღემდე სებ-მა სავალუტო აუქციონზე 317,5 მლნ დოლარი შეისყიდა. ამავე პერიოდში, მიუხედავად ეროვნული ვალუტის კურსის რყევებისა, ეროვნულ ბანკს არცერთი დოლარი არ გაუყიდია.