დღეის მდგომარეობით, ხელშეკრულება გაფორმებულია 207 მილიონის 409 პროექტის განხორციელებაზე, საიდანაც 250 ობიექტზე უკვე დაწყებულია მუშაობა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მამუკა ბახტაძემ ბიუჯეტის შესრულებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სხვადასხვა უწყებებს, 1-ელი მაისის მდგომარეობით, თანხების ათვისების 100-პროცენტიანი მაჩვენებელი აქვს.
„მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან აქცენტს ვაკეთებთ ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. როგორც ცენტრალური უწყებების დონეზე, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე. ამასთან, რაც ჩვენ ბიუჯეტი და სახსრები ამ მიმართულებით გავზარდეთ, გარკვეულწილად გამოწვევა იყო ამ თანხების ათვისება. მე ერთ-ერთ პრიორიტეტად რაც გუნდს დავუსახე, ეს იყო, რომ ჩვენ უნდა შეგვეცვალა პროცედურები, მიდგომები ისე, რომ საზოგადოება და ჩვენც დავრწმუნდეთ, რომ ამ ინვესტიციების ათვისება ხდება დროულად, ვადაში, სწრაფი ტემპით. მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, რომ შარშანდელთან შედარებით, 1-ელი მაისის მდგომარეობით, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ აითვისა 350 მილიონი ლარი, რომელიც არის 100 მილიონი ლარით მეტი შარშანდელთან შედარებით. ამასთან ერთად, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ გეგმას გადააჭარბა 27 პროცენტით და საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 17 პროცენტით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მისივე თქმით, პროგრესია თანხების ათვისების კუთხით ადგილობრივ თვითმმართველობებშიც.
„ამასთან ერთად სასიხარულოა, რომ მუნიციპალიტეტების დონეზეც ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი. მოგეხსენებათ, რომ მნიშვნელოვნად გავზარდეთ ბიუჯეტი ადგილობრივ მუნიციპალიტეტებისთვის განსახორციელებელი პროექტებისთვის ფონდიდან გამოყოფილი თანხა 261 მილიონ ლარზე მეტია, რომელიც შარშანდელ მაჩვენებელს 1,7-ჯერ აღემატება, თითქმის 2-ჯერ. აქაც გვაქვს ჩვენ მნიშვნელოვანი პროგრესი. ეს არის თითქმის 100 პროცენტიანი შესრულება. შარშან ჩვენ გვქონდა 73- პროცენტიანი შესრულება. გაზრდილი ბიუჯეტის ფონზე რომ თითქმის 100-პროცენტიანი შესრულებაა, ჩვენ გვაქვს საფუძველი ვისაუბროთ მნიშვნელოვან პროგრესზე. დღეის მდგომარეობით ხელშეკრულება გაფორმებულია 207 მილიონის 409 პროექტის განხორციელებაზე, საიდანაც 250 ობიექტზე დაწყებულია უკვე მუშაობა. ეს ციფრები არის დამაიმედებელი, ოპტიმისტური. გუნდს მინდა მოვუწოდო, რომ ჩვენ გვსურს მეტი, გვაქვს პროგრესი, ჩვენმა ცვლილებებმა პროცედურებში, მიდგომებში მოგვცა კონკრეტული შედეგი, მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ მომავალ თვეებში მეტი სახსრები გვაქვს მიმართული, კიდევ უფრო მეტად უნდა მოვინდომოთ და უკეთესი შედეგი დავდოთ. აქვე მსურს, ყველას გადავუხადო მადლობა“, - განაცხადა პრემიერმა.