„ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტში საქართველოს გარეშე შემოერთება გამორიცხულია"

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტში საქართველოს გარეშე შემოერთება გამორიცხულია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, როდესაც აღნიშნულ პროექტში რუსული მხარის ჩართვასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე ისაუბრა.

„ფაქტი არის ერთი: საქართველოს გარეშე ამ პროექტში შემოერთება არის გამორიცხული და როდესაც თეორიული კითხვების დასმა ხდება, საქართველოს გარეშე შეუძლია მიუერთდეს ამ პროექტს ვიღაც თუ არა, თქვენ ეს ფიზიკურად როგორ წარმოგიდგენიათ?! გარდა იმისა, რომ არსებობს სამმხრივი ხელშეკრულება აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოსი, რომელიც განსაზღვრას, რომ მხოლოდ სამივე ქვეყნის თანხმობის შემთხვევაში შეიძლება მსგავსი რამ მოხდეს, ამ შეკითხვის ავტორებს როგორ წარმოუდგენიათ, რომ საქართველოს გარეშე მოხდეს ცვლილება ან იმდგვარი განვითარება, რომელიც არ შეესაბამება ჩვენ ინტერესებს?! ეს არის გამორიცხული პოლიტიკურად, სამართლებრივად და ფიზიკურადაც“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ და იქვე აღნიშნა რომ ქართული მხარისთვის მნიშვნელოვანია, რომ სწორედ საქართველოში, ახალქალაქის ტერიტორიაზე მოხდეს ორი სტანდარტის რკინიგზის შეერთება.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ახალქალაქში იყოს გადატვირთვის პუნქტი, რაც საშუალებას მოგვცემს ჩვენ, რომ უფრო სრულფასოვანი სერვისი შევთავაზოთ ყველას, ვისაც აქვს ინტერესი, რომ ამ დერეფანში მოიზიდოს უფრო მეტი ტვირთი.

რაც შეეხება ამა თუ იმ ქვეყნის გადაწყვეტილებას, ეს არის მათი სუვერენული უფლება, რას და როგორ ააშენებს თავის ტერიტორიაზე. როდესაც ვსაუბრობთ ამ პროექტზე, აქ საქართველოს პოზიცია არის მნიშვნელოვანი, როგორც დანარჩენი ორი ქვეყნის. საქართველოს თანხმობის გარეშე არანაირი ცვლილებები არ მოხდება და არ იგეგმება“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

რაც შეეხება კითხვას, თუ საიდან შეიტყო ქართულმა მხარემ პროექტში რუსული მხარის ჩართვაზე, პრემიერმა განაცხადა: „ჩვენ ეს გავიგეთ ჩვენი კოლეგებისგან, როდესაც მოხდა ინფორმირება შესაბამისი უწყებებისგან, გვქონდა კომუნიკაცია და რეაქცია ჩვენს კოლეგებთან“.