ეკონომიკის მინისტრის ახალ მოადგილეებად ნიკა ალავიძე და დავით თვალაბეიშვილი დაინიშნენ. ამის შესახებ მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ნიკა ალავიძე იქნება პასუხისმგებელი კოორდინაციაზე სხვა უწყებებთან, ვინაიდან ინვესტორებს სხვა უწყებებთანაც უწევთ მუშაობა.
მინისტრის მოადგილის ეს შტატი ახალია და ის პასუხისმგებელი იქნება ინვესტიციებზე, ზოგადად ინვესტორებთან ურთიერთობაზე, მათ შორის არა მხოლოდ ინვესტიციებამდე პერიოდში, არამედ ინვესტიციების განხორციელების შემდეგ პერიოდში.
რაც შეეხება თვალაბეიშვილს, ის მოადგილედ ენერგეტიკის სფეროში დაინიშნა. „ენერგეტიკის სფეროს კურატორად ინიშნება დავით თვალაბეიშვილი, რომელიც აქამდე იკავებდა სახელმწიფო ენერგოსისტემის დირექტორის თანამდებობას“,- განაცხადა თურნავამ.
კითხვაზე, შეეხებათ თუ არა რაიმე ცვლილებს ეკონომიკის მინისტრის სხვა მოადგილეებს, თურნავა ამბობს, რომ ყველა რჩება ადგილზე. „რჩებიან ადგილზე. ეს არის ძალიან კარგი გუნდი. მთავარი ჩვენი გამოწვევაა, რომ ავამაღლოთ მუშაობის ტემპი. დარწმენებული ვარ, რომ ყველა ჩემი კოლეგა, მოადგილეები ამ გამოწვევას ღირსეულად უპასუხებენ“,- აღნიშნა თურნავამ.