თბილისში ბუნებრივი ღვინის ფესტივალი იმართება

თბილისში ბუნებრივი ღვინის საერთაშორისო ფესტივალი "ZERO COMPROMISE" იმართება. ღონისძიების ორგანიზატორია ასოციაცია ბუნებრივი ღვინო, ხოლო მხარდამჭერი სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო.

ფესტივალში მონაწილეობას 70-მდე ადგილობრივი მარანი და ასევე ბუნებრივი ღვინის მწარმოებლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან იღებენ.

ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, ფესტივალის მთავარი მიზანი, ქართული ღვინის პოპულარიზაცია საერთაშორისო მასშტაბით, საქართველოში ღვინის განათლების დონის ამაღლება, სამომხმარებლო კულტურის გაზრდა და ღვინის ტურიზმის განვითარებაა.

ფესტივალს, რომელიც ყოფილი აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიაზე იმართება, ასევე დაესწრებიან იმპორტიორები, ღვინის მწერლები და ჟურნალისტები, იტალიიდან იაპონიიდან, გერმანიიდან, პორტუგალიიდან, ნიდერლანდებიდან, კანადიდან, სულ მსოფლიოს 13 ქვეყნიდან, რომლებიც სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის ჩამოვიდნენ საქართველოში.

ფესტივალის ორგანიზატორების ინფორმაციით, ეს საშუალებას აძლევს ქართულ მარნებს, ადგილზე გააცნონ თავიანთი ღვინოები პოტენციურ მყიდველებს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ მარნებისთვის, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში საერთაშორისო გამოფენებში ვერ იღებენ მონაწილეობას.