რატომ შეჩერდა თბილისში ვირტუალური მუზეუმის გახსნა

თბილისში ვირტუალური მუზეუმის გახსნა დროებით შეჩერდა. პროექტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ოფისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე უნდა განთავსებულიყო. თუმცა, როგორც სააგენტოს დირექტორი, ნიკოლოზ ანთიზე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, ექსპერტების დასკვნით, იქ მუზუმის განთავსება არარეკომენდებულია. შესაბამისად, მას შემდეგ, რაც უწყებისთვის ახალი ლოკაცია შეირჩევა, მუზეუმიც იქ განთავსდება.

თუმცა როდის, სააგენტოს დირექტორი ამ ეტაპზე, ვერ აკონკრეტებს.

თბილისში ვირტუალური მუზეუმის გახსნა ერთხელ უკვე გადავადაა. ამის მიზეზი მუზეუმისთვის განკუთვნილი, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე შენობის ის დაზიანებები იყო, რომელიც ვიზუალურად არ ჩანდა, თუმცა რეაბილიტაციის პროცესში გამოიკვეთა. თუმცა, სააგენტო მის გამაგრებას და პროექტის სისრულეში მოყვანას გეგმავდა.

„ჩვენ ვირტუალური ტურები უკვე გვაქვს უფლისციხეში. 18 მაისს კიდევ ერთი გახსნება ვარძიაში. რაც შეეხება თბილისს, ეს პროექტი მზადაა, მაგრამ ვინაიდან ჩვენი შენობის საკითხი გადასაწყვეტია, ესეც დროებით შეჩერდა. ამასთან, როგორც იცით, თაბუკაშვილზე არსებული ოფისი ნაწილობრივ ბაღის ტერიტორიაა. ექსპერტებთან კონსულტაციებით შედეგად კი, მივედით იმ გადაწყვეტილებამდე, რომ აქ არამიზანშეწონილია მუზეუმის განთავსება.

რაც შეეხება ახალ ლოკაციას, სადაც ჩვენი ძირითადი ოფისი განთავსდება, პროექტიც იქ განხორციელდება. მოგეხსენებათ, 2 ოფისი გვაქვს, ერთი თაბუკაშვილზე და მეორე - ნაქირავებში, რომლის გადაკეთებაც ვერ მოხდება. შესაბამისად, ჩვენი ძირითადი ოფისის საკითხზე მსჯელობა ახლა მიმდინარეობს. თორემ ვირტუალური მუზეუმის ტექნიკური მხარეები მოგვარებულია, პროგრამა შედგენილია. უბრალოდ, აღნიშნული მიზეზით გადავადდა“,-აცხადებს ნიკოლოზ ანთიძე.

ცნობისთვის, ვირტუალური მუზეუმი გათვლილი იქნება, როგორც ტურისტებზე, ისე ადგილობრივ დამთვალიერებლებზე, რომელთაც ვირტუალური სათვალით პირველ ეტაპზე 10 ძეგლისა და მათი რეაბილიტაციის პროცესის დათვალიერება შეეძლებათ.

ნინი ქეთელაური