ეკონომიკის მინისტრის ახალ მოადგილეებად ნიკა ალავიძე და დავით თვალაბეიშვილი დაინიშნენ. ამის შესახებ მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ნიკა ალავიძე იქნება პასუხისმგებელი კოორდინაციაზე სხვა უწყებებთან, ვინაიდან ინვესტორებს სხვა უწყებებთანაც უწევთ მუშაობა. ეს შტატი ახალია და ის პასუხისმგებელი იქნება ინვესტიციებზე, ზოგადად ინვესტორებთან ურთიერთობაზე, მათ შორის არა მხოლოდ ინვესტიციებამდე პერიოდში, არამედ ინვესტიციების განხორციელების შემდეგ პერიოდში.
ალავიძე საჯარო სექტორში ბიზნესიდან მოდის - ის შპს Altitude, Altihut-ის დამფუძნებელი, მმართველი პარტნიორი იყო. ასევე 2015 წლის სექტემბრიდან დღემდე კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა.
ამასთან, სხვადასხვა პერიოდში იყო llc Union Properties-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, "თიბისი ბანკის“ რეგიონული კორპორატიული საბანკო ბიზნესის ხელმძღვანელი, შპს „ვექტორული მართვის ჯგუფის“ ვიცე-პრეზიდენტი, „საქართველოს ბანკის“ რეგიონული კორპორატიული საბანკო დეპარტამენტის უფროსი და ა.შ.