საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სტიქიის, კერძოდ უხვი ნალექისა და მეწყრის გამო, ფშაველი-აბანო-ომალოსა და ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზებზე მოძრაობა შეზღუდულია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ორივე მიმართულებაზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, ადგილზე იმყოფებიან საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და კონტრატქორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
მათივე ცნობით, უხვი ნალექების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის მე-9 კმ-ზე, სოფელ ლეჩურთან გზის სავალი ნაწილი წყალმა წაიღო. რის გამოც, აღნიშნული საავტომობილო გზის კმ9-კმ72 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო აღნიშნული გზის კმ1-კმ9 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. სოფელ ლეჩურთან წყლის დონის დაკლებისთანავე დაიწყება საპროექტო სამუშაოები რათა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების პარალელურად განხორციელდეს საპრევენციო ღონისძიებები.
ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 59-ე კმ-ზე ჩამოვიდა დიდი ოდენობით მეწყრული მასა. ჩამოსული მასის გაწმენდითი სამუშაოები უკვე დაწყებულია და საავტომობილო მოძრაობა ხვალ დღის განმავლობაში აღდგება.