საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან, დავით ონოფრიშვილთან შეხვედრა გამართა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, შეხვედრაზე მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით საფინანსო სექტორში არსებული გამოწვევების შესახებ იმსჯელეს და სამომავლო გეგმები განიხილეს.
მათივე ცნობით, ყურადღება გამახვილდა საფინანსო სექტორში სადაზღვევო მიმართულებით კონკურენციის უზრუნველყოფის ხელშეწყობაზეც.
„მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია სადაზღვევო პროდუქტებთან მიმართებით როგორც სადაზღვევო კომპანიების, ასევე, საფინანსო სექტორის სხვა მოთამაშეების, მათ შორის, კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საოპერაციო პრაქტიკის შესახებ. ამას გარდა, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომხმარებელთა ინფორმირებულობის ხელშემწყობი ღონისძიებები გათვალისწინებული იქნება მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში შესატან ცვლილებებში, რომელთა ამოქმედებასაც ეროვნული ბანკი უახლოეს მომავალში გეგმავს. ამასთან, მხარეები გეგმავენ საბანკო და სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლებთან ერთობლივი შეხვედრების გამართვას. დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდნენ ეროვნული ბანკისა და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უწყებათა წარმომადგენლები იურიდიული, საზედამხედველო და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებებიდან“, - აღნიშნულია საქართველოს ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.