რუსთაველის გამზირი კვირაში ერთხელ, შესაძლოა ავტომობილებისთვის გადაიკეტოს - რა ცვლილება იგეგმება დედაქალაქში

რუსთაველის გამზირი კვირაში ერთი დღეს, შესაძლოა ავტომობილებისთვის გადაიკეტოს.

აღნიშნული ინიციატივა, ერთ-ერთია გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც სამუშაო ჯგუფის შეფასებით, მსჯელობასა და ყურადღებას იმსახურებს.

შეგახსენებთ, რომ კომიტეტმა რამდენიმე დღის წინ თბილისში ჰაერის მდგომარეობის შესახებ თემატური მოკვლევის შედეგები გამოაქვეყნა.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, თემატური მოკვლევისას მიღებული ცნობებით, ასევე, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ თბილისში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მთავარი მიზეზი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვია. ხოლო ქალაქის ცენტრი ერთ-ერთი მძიმედ დაბინძურებული ადგილია. აქედან გამომდინარე, ანგარიშის მიხედვით, შესაძლოა, რუსთაველის გამზირი ერთი დღით ავტომობილებისთვის გადაიკეტოს.

„თბილისის მერიამ განიხილოს იმის შესაძლებლობა, რომ შოთა რუსთაველის გამზირი კვირაში ერთხელ (მაგალითად, კვირა დღეს) დაიკეტოს ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის და გაიხსნას მხოლოდ ქვეითთათვის. საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის შესაძლებელია გამზირზე არსებული 6 საავტომობილო ხაზიდან მხოლოდ ერთი ფუნქციონირებდეს. მსგავსი მიდგომა გამოიყენება მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში. საკითხი საჭიროებს დამატებით ანალიზს და სხვადასხვა შესაძლო გვერდითი ეფექტის გათვალისწინებას,“- ნათქვამია მოკვლევის შედეგებში.

ცნობისთვის, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების პრობლემაზე რეაგირების მიზნით, კომიტეტმა 2018 წელს დაიწყო პარლამენტის ისტორიაში პირველი თემატური მოკვლევა, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა სამუშაო ჯგუფი. სამუშაო ჯგუფი საქართველოს პარლამენტის ყველა პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენლისგან შედგებოდა.

თაია არდოტელი