11 მაისს, გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიულ კლინიკაში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და ა(ა)იპ „ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავლის“ ორგანიზებით, თბილისში მცხოვრები ვეტერანების 16 წლამდე ასაკის შვილებისა და შვილიშვილებისთვის, უფასო მრავალპროფილური, პედიატრიული გამოკვლევები ჩატარდება. ამის შესახებ ინტერპრესნიუსს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან აცნობეს.
ბენეფიციარებს სამედიცინო აქციის ფარგლებში მომსახურებით სარგებლობა დილის 10:00 საათიდან თბილისში, ლუბლიანას ქ. N 21-ში შეეძლებათ. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ა(ა)იპ " ქართული ოცნება - ჯანმრთელ მომავალს" შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, მიმდინარე წლის 25 იანვარს გაფორმდა და 2019 წლის 31 დეკემბრამდე იმოქმედებს. მემორანდუმი მიზნად ისახავს, ვეტერანებისთვის სათანადო ცხოვრების პირობების შექმნის უზრუნველყოფას და მათი სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას.