პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა თბილისში ჰაერის მდგომარეობის შესახებ თემატური მოკვლევის შედეგები გამოაქვეყნა.
ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების პრობლემაზე რეაგირების მიზნით, კომიტეტმა 2018 წელს დაიწყო პარლამენტის ისტორიაში პირველი თემატური მოკვლევა, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა სამუშაო ჯგუფი. სამუშაო ჯგუფი საქართველოს პარლამენტის ყველა პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენლისგან შედგებოდა.
ანგარიშში საწვავის ხარისხსა და მონიტორინგზეც არის საუბარი. როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, საქართველო უახლოვდება საწვავის ევროპულ სტანდარტებს, თუმცა, ხარისხიანი საწვავი მაინც ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება.
შესაბამისად, აუცილებელია სათანადო ღონისძიებების დაგეგმვა და ეფექტიანი განხორციელება. ზეპირი მოსმენისას აქცენტი გაკეთდა საწვავის ფალსიფიცირების რისკზე. გამოიკვეთა, რომ საწვავის ხარისხის შემოწმებისა და მონიტირინგის სისტემა გაუმჯობესებას საჭიროებს.
„საქართველოს მთავრობამ 3 თვის ვადაში გარემოს კომიტეტს წარუდგინოს საწვავის ხარისხის მონიტორინგის არსებული სისტემის გაუმჯობესების პროგრამა. აუცილებელია, რომ საწვავის ხარისხზე პასუხისმგებელი იყოს ერთი სახელმწიფო უწყება.
შემუშავდეს და დამტკიცდეს ბენზინგასამართ სადგურებზე პისტოლზე რეზინის ხუფების გამოყენების ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც მაქსიმალურად შეამცირებს საწვავის აორთქლებისა და დაღვრის რისკს.
ასევე, მიზანშეწონილია დაინერგოს ავტოგასამართი სადგურების ეკომარკირების სისტემა. შესაბამისი ლაბორატორიისა და დანადგარების შეძენა საზღვარგამშვებ პუნქტებზე, საწვავის მავნე ნივთიერებებზე მონიტორინგისათვის (მაგ: ბენზაპირენი, ფორმალდეჰიდი, ბენზოლი, აკროლეინი, ტყვია, ამიაკი და სხვა ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებები),“-აღნიშნულია ანგარიშში.
ცნობისთვის, კომიტეტის მიერ წარმოდგენილი ანგარიში აანალიზებს ჰაერის დაბინძურების ძირითად წყაროებს, (ტრანსპორტი, მშენებლობა, ბუნებრივი მტვერი, საბურავები, აზბესტის შემცველი ხუნდები და სხვა), აფასებს სამართლებრივი რეგულირების სისტემას და გამოკვეთს ახალი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნის აუცილებლობას. ამასთან, განიხილავს ჰაერის დაბინძურების ჯანმრთელობაზე ზეგავლენასა და ასაბუთებს ამ მიმართულების პრიორიტეტულობას, წარმოადგენს საუკეთესო პრაქტიკისა და თანამედროვე მიდგომების მაგალითებს.