ბუნებრივი რისკების მინიმალიზაციის ერთადერთი გზა არის დაზღვევის გამოყენება, ჩვენ ყველას მოვუწოდებთ, რომ გამოიყენონ აგროდაზღვევა, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა კახეთში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით განაცხადა. მინისტრის განმარტებით, ზარალის შემსწავლელი ჯგუფი უკვე შექმნილია.
„პრემიერმა უკვე გააკეთა განცხადება. თქვენ იცით, რომ გუბერნიამ შექმნა ჯგუფი, რომელიც შეისწავლის სტიქიის მიერ მიყენებულ ზარალს, ამის შემდეგ იქნება მსჯელობა. ინფრასტრუქტურული ზარალის ნაწილში სახელმწიფო ყოველთვის იღებს გადაწყვეტილებას რეაბილიტაციის კუთხით. რაც შეეხება აგრო მიმართულებებს, ჩვენ გვაქვს სისტემური მიდგომები იმისთვის, რომ დაინერგოს აგრო დაზღვევა და სახელმწიფოს თანამონაწილეობა არის საკმაოდ დიდი. ჩვენ გვინდა, რომ დაზღვევაში მეტი ფერმერი იყოს ჩართული მთელი საქართველოს მასშტაბით. ძალიან სამწუხარო სტიქიურ მოვლენებთან გვაქვს საქმე. გვაქვს გარკვეული სტიქიური მოვლენები, მათ შორის სასოფლო სამეურნეო კულტურებისა და სავარგულების დაზიანება. იცით, რომ ბუნებრივი რისკების მინიმალიზაციის ერთადერთი გზა არის დაზღვევის გამოყენება. ჩვენ ყველას მოვუწოდებთ, რომ გამოიყენონ აგროდაზღვევა, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.