შინაური ცხოველებისადმი არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე რეაგირების მიზნით, ახალი ტიპის ადმინისტრაციული ჯარიმები წესდება

შინაური ბინადარი ცხოველების უფლებების დარღვევისა და მათდამი არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე რეაგირების მიზნით, ახალი ტიპისადმინისტრაციული ჯარიმები წესდება.

“ადმინისტრაციულ სამართალდარღვეთა კოდექსში“ ცვლილებების პროექტი, რომელიც თავის მხრივ, “შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“ ახალ კანონს უკავშირდება, პარლამენტის ბიუროს 13 მაისის სხდომაზე წარედგინება.

კოდექსის 103-ე მუხლი აწესებს ახალ პასუხისმგებლობებს და სხვადასხვა სამართალდარღვევებისთვის ჯარიმების ოდენობა 50-დან 1000 ლარამდე განისაზღვრება.

დღეის მდგომარეობით, ძაღლისა და კატის ყოლის წესების დარღვევისათვის ჯარიმა შრომის ანაზღაურების მეხუთედი მინიმალური ოდენობა - 8 ლარია. პროექტის მიხედვით კი, ჯარიმის ოდენობა 50 ლარამდე იზრდება. ასევე იზრდება ჯარიმა საზოგადოებრივ ადგილებში ცხოველების გასეირნებისთვის 20 ლარიდან 150 ლარამდე. გარდა ამისა, პროექტი ითვალისწინებს სამართალდარღვევების ახალ სახეებს, რომლის მიხედვით, პირი შესაძლოა დაჯარიმდეს სხვადასხვა სამართალდარღვევებისათვის შესაბამისად 50-დან 1000 ლარამდე.

უფრო კონკრეტულად, “ადმინისტრაციულ სამართალდარღვეთა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების პროექტის მიხედვით, შინაური ბინადარი ცხოველის ყოლის, მოვლა-პატრონობის და პოპულაციების მართვის წესების დარღვევა გამოიწვევს ცხოველის მეპატრონის, მფლობელის გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

ძაღლების, დეკორატიული ჯიშის გარდა, გასეირნება საზოგადოებრივ ადგილებში- ბულვარში, სკვერში, პარკში, პლაჟზე და ა.შ, კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევით - გამოიწვევს ცხოველის მეპატრონის, მფლობელის გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით.

მძღოლის მიერ პოლიციისთვის საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებული ან დაღუპული შინაური ბინადარი ცხოველის შესახებ ინფორმაციის შეუტყობინებლობა -გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

შინაური ბინადარი ცხოველის გადაცემა ჯილდოს სახით - გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

შინაური ბინადარი ცხოველის ტრანსპორტირების წესების დარღვევა - გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

შინაურ ბინადარ ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვისათვის აუცილებელი მოთხოვნების დარღვევა - გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით.

შინაური ბინადარი ცხოველის მოკვდინებისათვის დასაშვები წესების დარღვევა - გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

შინაური ბინადარი ცხოველის მეპატრონის/მფლობელის მიერ შინაური ბინადარი ცხოველის განზრახ მიტოვება - გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

სანახაობებში, სპორტულ და გასართობ ღონისძიებებში შინაურ ბინადარ ცხოველთა გამოყენებისას, ორგანიზატორთა მხრიდან მათი ჯანმრთელობის რისკის ქვეშ დაყენება - გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

კონკრეტულ მისამართზე ან/და ერთი საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ფართზე/ტერიტორიაზე ერთდროულად 10-ზე მეტი შინაური ბინადარი ცხოველის ყოლის შემთხვევაში, ხოლო მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინაში 5-ზე მეტი შინაური ბინადარი ცხოველის ყოლა - გამოიწვევს პირის გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

უსაფრთხოების ზომების მიღების გარეშე, შინაური ბინადარი ცხოველების მონაწილეობით, მასობრივი ღონისძიებების ჩატარება საბავშვო მოედნებზე, სკოლამდელ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში - გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.

ისეთი გამოფენების, დემონსტრაციების, რეკლამების, გასართობი შოუებისა და, კონკურსების მოწყობა, აგრეთვე ფილმების გადაღება შინაურ ბინადარ ცხოველთა მონაწილეობით, რომლებიც შეიცავს ძალადობის ელემენტებს - გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

გარეული ცხოველების შეჯვარება შინაურ ბინადარ ცხოველებთან - გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

გენეტიკური სნეულებების, თანდაყოლილი ხარვეზებისა და პათოლოგიების მქონე გენეტიკურად არასრულფასოვანი შინაური ბინადარი ცხოველების გამრავლება - გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

შინაური ბინადარი ცხოველის მეპატრონე/მფლობელი, რომელიც არ უზრუნველყოფს მის საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული შინაური ბინადარი ცხოველის მიერ მეზობლებისთვის ან/და ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებული სივრცისთვის მიყენებული ზიანის (სანიტარულ-ჰიგიენური პირობები, ხმაური) აღმოფხვრას - გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

შინაური ბინადარი ცხოველის მიერ საზოგადოებრივი სივრცის დაბინძურება, თუ მეპატრონე/მფლობელი მყისიერად (დაუყოვნებლივ და სრულად) არ დაასუფთავებს დაბინძურებულ ტერიტორიას - გამოიწვევს მეპატრონის/მფლობელის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

შინაური ბინადარი ცხოველის სარეალიზაციო ობიექტისადმი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა - გამოიწვევს მესაკუთრის/მფლობელის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

შინაური ბინადარი ცხოველის რეალიზაციის წესების დარღვევა - გამოიწვევს რეალიზატორის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

შინაური ბინადარი ცხოველის ყოლის, მოვლა-პატრონობის და პოპულაციების მართვის წესების დარღვევა, რასაც შედეგად მოყვა ადამიანის ან ცხოველის დაკბენა-დაკაწვრა ან/და სხვა პირის ინტერესებისთვის ზიანის სხვაგვარი მიყენება - გამოიწვევს ცხოველის მეპატრონის/მფლობელის დაჯარიმებას 800 ლარის ოდენობით.

აღნიშნულ ქმედებათა განმეორებითი ჩადენა წლის განმავლობაში გამოიწვევს დარღვევისათვის გათვალისწინებული სახდელის გაორმაგებული ოდენობით დაკისრებას.

კანონპროექტი ცხოველთა დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციება მოამზადეს. პროექტის ინიციატორები არიან დეპუტატები: კახა კუჭავა, ზაზა ხუციშვილი, ოთარ დანელია, ენძელა მაჭავარიანი, გიორგი გაჩეჩილაძე, კობა ლურსმანაშვილი, სულხან მახათაძე, გოგი მეშველიანი, ლევან კობერიძე და გიორგი ხატიძე.