მთაწმინდაზე, სადაც კლდის მასა ჩამოიშალა, GDG+ სასტუმროს მშენებლობას კვლავ ვერ აგრძელებს.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი ბეჟან წაქაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, პროექტის 90% უკვე დასრულებულია, თუმცა ამჯერად მშენებლობას მოსახლეობა აპროტესტებს.
ბეჟან წაქაძის ინფორმაციით, ადგილობრივებმა სარჩელი სასამართლოში შიტანეს და სანამ დავა არ ამოიწურება, პროექტი ვერ დასრულდება.
ცნობისთვის, მთაწმინდაზე, ყიფიანის ქუჩაზე, მამა დავითის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე კლდის მასა 31 მაისს ჩამოიშალა. ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოებს GDG+ ახორციელებს, იქ კომპანია 4-ვარსკვლავიან სასტუმროს აშენებს. მომხდარის გამო, კლდის მასის ჩამოშლის ადგილზე სასტუმროს ერთი ნაწილის მშენებელობა მერიამ შეაჩერა.
როგორც ბეჟან წაქაძე აცხადებს, ეს საკითხი ამჯერად მოგვარებულია, ჩამოშლილი კლდის მხარეც გამაგრებულია, თუმცა მერიამ ახლა უკვე სასტუმროს ერთი ნაწილის მშენებლობა მოსახლეობის პროტესტის გამო შეაჩერა.
„სამუშაოების 90% დასრულებულია, მათ შორის, ჩამოშილი კედლის მხარე სრულად გავამაგრეთ და არანაირი პრობლემა აღარ არის. დარჩენილია მხოლოდ 1 თვის საქმე. თუმცა, მოსახლეობამ უკმაყოფილება გამოთქვა სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით. სარჩელი შეტანილია სასამართლოში და მიმდინარეობს განხილვა. ამიტომ, დროებით მშენებლობა შეჩერებულია. თუმცა, იქ გარკვეული სამუშაოების ნებართვა მაქვს.
ამჯერად ველოდებით როდის დავლაგდებით მოსახლეობასთან, რომ პროექტი დავასრულოთ. დარწმუნებული ვარ, არავის და მით უმეტეს, მერიას არაფერში სჭირდება გაჩერებული მშენებლობა“,-აცხადებს ბეჟან წაქაძე.