შრი-ლანკას მთავრობამ სოციალური ქსელები დროებით დაბლოკა

შრი-ლანკას მთავრობამ სოციალური ქსელები დროებით დაბლოკა. მათ შორის „ფეისბუქი“ და „უოთსაფი“.

როგორც „ევრონიუსი“ იტყობინება, ამის მიზეზი მეჩეთებზე და მუსლიმების კუთვნილ ბიზნესზე თავდასხმები გახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც რამდენიმე ათეულმა ადამიანმა ქვები დაუშინა მეჩეთებსა და მუსლიმების მაღაზიებს, ინციდენტი ქვეყნის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ ჩილაუში მოხდა. ამის მიზეზი კი ფეისბუქზე დაწყებული კამათი გახდა. კერძოდ, 38 წლის მამაკაცმა აბდულ ჰამიდ მუჰამედ ჰასმარმა დაწერა - „ერთ დღეს თქვენ იტირებთ“. აღნიშნული კომენტარი მუქარად მიიჩნიეს, რასაც მუსლიმების საკუთრებაზე თავდასხმები მოჰყვა.

პოლიციამ მამაკაცების ჯგუფი დააკავა, რომლებიც თავდასხმებში არიან ბრალდებული. თავდასხმების შედეგად დაზიანდა რამდენიმე მეჩეთი, მუსლიმთა სახლები და მაღაზიები. მომხდარის გამო მთელი ღამის განმავლობაში ქალაქში კომენდანტის საათი იყო გამოცხადებული.

შეგახსენებთ, ქალაქი ჩილაუ ძირითადად ქრისტიანი მოსახლეობითაა დასახლებული.