საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების მიზნით მოლაპარაკება საფრანგეთთან, პოლონეთთან, გერმანიასა და ისრაელთან მიმდინარეობს

საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების მიზნით, საგარეო საქმეთა სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ევროკავშირის იმ ქვეყნებს შორის, რომლებთანაც ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს, არის საფრანგეთი, პოლონეთი და გერმანია.

გარდა ამისა, საგარეო უწყების ინფორმაციით, დროებითი შრომითი მიგრაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველო აქტიურად თანამშრომლობს ისრაელთანაც.

საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ პარტნიორ სახელმწიფოებთან მიგრაციის საკითხზე მუშაობა, ხელს შეუწყობს მუშახელის კვალიფიკაციის განვითარებას, მათ გადამზადებას, საზღვარგარეთ მყოფი შრომითი მიგრანტების უფლებების დაცვასა და ასევე არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებული რისკების შემცირებას.

„საქართველოს მთავრობა საზღვარგარეთ ჩვენი მოქალაქეების ლეგალურ დასაქმებას ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად მიიჩნევს.

საგარეო საქმეთა სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, აქტიურად თანამშრომლობს ევროკავშირის/შენგენის წევრ-ქვეყნებთან, ასევე ისრაელთან დროებითი შრომითი მიგრაციის ხელშეწყობის მიზნით.

შეგახსენებთ, რომ IOM-ის მხარდაჭერით, შრომითი მიგრაციის საპილოტე პროექტი მიმდინარეობს პოლონეთთან, სადაც უკვე იქნა დასაქმებული საქართველოს 45-მდე მოქალაქე. ასევე, ძალაში შევიდა საქართველოსა და საფრანგეთს შორის ხელმოწერილი შეთანხმება „კვალიფიციური სპეციალისტების ბინადრობისა და ცირკულარული მიგრაციის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეებზე დროებითი ბინადრობის მოწმობის გაცემას საფრანგეთში დასაქმების მიზნით. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, რათა უახლოეს მომავალში შეთანხმების პრაქტიკული იმპლემენტაცია დაიწყოს.

შეთანხმების ტექსტზე მოლაპარაკებები დაწყებულია სხვა ევროპულ ქვეყნებთანაც.

ცირკულარული მიგრაციის კუთხით, ქართული მხარე აქტიურად თანამშრომლობს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან, სადაც გერმანიის მთავრობა აქტიურად განიხილავს, ზოგადად კვალიფიციური სამუშაო ძალის იმიგრაციის შესახებ მიდგომების გადახედვას,“ - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროდან „ინტერპრესნიუსის“ მიერ გამოთხოვილ ინფორმაციაში.