2018 წელს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 61.5 მლნ ლარი დაიხარჯა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, 2018 წელს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 61.5 მლნ ლარი დაიხარჯა, რაც თავდაპირველ გეგმას 23%-ით აღემატება.

უწყების ცნობით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრების უდიდესი წილი იუსტიციის სამინისტროსა (19.6 მლნ ლარი) და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე (12 მლნ ლარი) მოდის.

ამასთან, 2017 წელთან შედარებით 2018 წელს ზრდის ტენდენციით ხასიათდება იურიდიული, ფინანსური, საკონსულტაციო და სარეკლამო მომსახურებისა და საზოგადოებრივი აზრის კვლევის ხარჯების დაფინანსების მიზნით გამოყოფილი სახსრების მოცულობა.

რაც შეეხება, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 2014-2018 წლების განმავლობაში სისტემატურად დაფინანსებულ ღონისძიებებს, მათ შორისაა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის - 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზება, რაზეც 2018 წელს 2017-თან შედარებით ხარჯი თითქმის 3-ჯერ გაიზარდა და 3 მლნ ლარს გადააჭარბა. ამასთან, ბოლო 5 წლის განმავლობაში აღნიშნული ღონისძიების ორგანიზებაზე მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 8 მლნ ლარზე მეტია დახარჯული.

გასული წლის 8 თვის მდგომარეობით, 1.5 მლნ, ხოლო 2015-2018 წლებში 9 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ნაწილობრივი სუბსიდირების მიზნით.

ასევე, გასული წლის 8 თვის მდგომარეობით, საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის შეუფერხებელი და თანმიმდევრული განხორციელების მიზნით, საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად 211 926 ლარი დაიხარჯა.

საქართველოს პროკურატურის საქმიანობის ეფექტურად წარმართვის მიზნით, იურიდიული კომპანიებისა და სისხლის სამართლის დარგის სპეციალისტებისაგან იურიდიული მომსახურების შესყიდვის, სათანადო ცოდნის მქონე ექსპერტების მიერ საქართველოსა და უცხო სახელმწიფოს საექსპერტო დაწესებულებებში შესაბამისი კვლევების ჩატარების, მათ ვიზიტთან დაკავშირებული ხარჯებისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი გადასახადების დასაფინანსებლად გასული წლის 8 თვეში 289 173 ლარია დახარჯული მთავრობის სარეზერვო ფონდიდან.

ბათუმში დაგეგმილი საერთაშორისო კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა“ მაღალ დონეზე ჩატარებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების მიზნით 200 000 ლარი. არაქართულენოვანი გაზეთების „ვრასტანისა“ და „გურჯისტანის“ ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით კი 120 000 ლარი დაიხარჯა.

აღსანიშნავია, რომ მთავრობის სარეზერვო ფონდის მოცულობა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თავდაპირველი კანონით 50 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა. წლის ბოლოს ბიუჯეტის კანონში შეტანილი ცვლილების შედეგად ფონდის მოცულობა 60 მლნ ლარამდე (20%-ით) გაიზარდა. საბოლოოდ, წლის მანძილზე ფონდიდან დახარჯული თანხების ფაქტობრივმა ოდენობამ 61.5 მლნ ლარი შეადგინა.