ლონდონის ქუჩებში წყალბადის საწვავზე მომუშავე ორსართულიანი ავტობუსები გამოჩნდებიან

ორსართულიანი საქალაქო ავტობუსები, რომლებიც წყალბადის საწვავზე იმუშავებს, ქალაქის ქუჩებში 2020 წლიდან გამოჩნდება.

ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Times კომპანია Transport for London-ზე (TfL) დაყრდნობით იუწყება, რომელიც ქალაქის მუნიციპალურ ტრანსპორტზე პასუხისმგებელი კომპანიაა. აღნიშნულმა კომპანიამ 20 მსგავსი ავტობუსი უკვე შეუკვეთა, რომლებიც ჰაერს არ დააბინძურებენ.

„ლონდონის მომწამვლელი ჰაერის დასუფთავებაში ყველამ უნდა მივიღოთ მონაწილეობა და მე ყოველთვის ვაცხადებდი, რომ TfL ამ საქმეში უნდა იყოს პირველი. ჩვენ გამოვყოფთ რეკორდულად მაღალ, 85 მილიონ გირვანქა სტერლინგს, რათა ჩვენი ავტობუსები ეკოლოგიურად სუფთა გავხადოთ. ვამაყობ, რომ ლონდონს ყავს ევროპაში უმსხვილესი ავტობუსების პარკი ნულოვანი გამონაბოლქვით,“ - განაცხადა ქალაქის მერმა სადიკ ხანმა.

ამ დროისთვის ლონდონის საქალაქო ავტობუსების პარკში 165 ავტობუსია, რომლებიც არ აბინძურებენ გარემოს, ხოლო ზაფხულისთვის მათი რიცხვი 233-მდე გაიზრდება. თუმცა ამის შემდეგაც კი ქალაქში მოძრავ 9 400 წითელ ავტობუსს შორის მათი წილი მხოლოდ 2,4% იქნება.

სადიკ ხანი ჰპირდება ლონდონელებს, რომ ქალაქი უკვე 2037 წლისთვის ნულოვანი გამონაბოლქვის ტრანსპორტზე გადავა, თუმცა, ამისთვის TfL-ს მოუწევს ყოველწლიურად შეცვალოს 500 მოძველებული ავტობუსი, რაც ძალიან დიდ ინვესტიციებს საჭიროებს.

კოკა კვირკველია