საქართველო სავალუტო ფონდისგან დაახლოებით 40 მილიონ დოლარს მიიღებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ და საქართველოს ხელისუფლებამ მიაღწიეს შეთანხმებას საქართველოში მიმდინარე პროგრამის მეოთხე მიმოხილვის დასრულების თაობაზე.

აღნიშნული შეთანხმების დამტკიცების შემთხვევაში, საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახდება 30 მილიონი ესდეერი (SDR). შესაბამის განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გაკეთდა.

როგორც ბრიფინგზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერით განხორციელებული საქართველოს სახელმწიფო პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს.

„ეროვნულმა ბანკმა შეასრულა პროგრამით გათვალისწინებული ყველა კრიტერიუმი. დადებითი ტენდენციები მაკროეკონომიკური მაჩვენებლებში გრძელდება. რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მაკროეკონომიკურ პოლიტიკას. მთლიანი შიდა პროდუქტი სტაბილურად იზრდება და ფასების სტაბილურობა ასევე უზრუნველყოფილია. განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია საგარეო სექტორის დადებითი დინამიკა რაც 2017 წელს 2018 წლებში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მნიშვნელოვან გაუმჯობესებაზე აისახება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შეფასებით ეროვნული ბანკის მიერ გატარებული მონეტარული პოლიტიკა კვლავ ადეკვატურია და შეესაბამება არსებულ ვითარებას“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

კობა გვენეტაძემ ასევე ისაუბრა გაცლით კურსთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ რეზერვები კვლავ საჭიროებს შევსებას.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მცურავი გაცვლითი კურსის მნიშვნელობას. განსაკუთრებით საგარეო რისკების არსებობის პირობებში. საქართველოსთვის ეს არის მთავარი წინაპირობა ქვეყნის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებისთვის და მიმდინარე ანგარიში შემდგომი და მდგარდი გაუმჯობესებისათვის. ამასთან, გრძელდება საერთაშორისო რეზერვების დაგროვება და ამ მიმართულებით ჩვენი ძალისხმევა გაგრძელდება. არსებული სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო იძლევა შესაფერის და კარგ შესაძლებლობას ბუფერების გაძლიერებისათვის და მოწყვლადობების შესამცირებლად. იქიდან გამომდინარე, რომ საერთაშორიოს რეზერვების დონე ჯერ კიდევ ჩამორჩება რეკომენდირებულ მაჩვენებელს, აუცილებელია გავაგრძელოთ რეზერვების დაგროვების პოლიტიკა, როგორც ეს პროგარმითაც არის გათვალისწინებული. ასევე მნიშვნელოვანია გაგრძელდეს საფინანსო სექტორში მიმდინარე რეფორმები, რაც მომავალში ფინანსური სექტორის სიჯანსაღისა და სტაბილურობის აუცილებელი წინაპირობაა. როგორც მოსალოდნელი იყო, ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯები აისახა საკრედიტო სტანდარტებზე და დაკრედიტება უფრო მდგრად დონემდე მცირდება, რაც გრძელვადიანი სარგებლის მომტანია. ეს ყველაფერი აძლიერებს საბანკო სექტორის უნარს, რათა უკეთ გავუმკლავდეთ პოტენციურ შოკებს და გააუმჯობესოს ფინანსური შუამავლობა“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.