„საქართველოს ეკონომიკური ზრდის მიმდინარე წლის პროგნოზი არის 4,6 %, რაც რეგიონში გამორჩეულად მაღალია"

საქართველოს ეკონომიკური ზრდის მიმდინარე წლის პროგნოზი 4,6-ია, რაც რეგიონში გამორჩეულად მაღალია, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძესთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელ მერსედეს ვერა მარტინისთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მათ ისაუბრეს „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მიმდინარე პროგრამის მეოთხე მიმოხილვის დასრულების შესახებ. როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ადასტურებს საქართველოს ხელისუფლების რეფორმების ეფექტურობას.

„საქართველოს ეკონომიკური ზრდის მიმდინარე წლის პროგნოზი არის 4,6, რაც რეგიონში გამორჩეულად მაღალია და კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ რეფორმების ეფექტურობასა და მათ მიმართ ერთგულებას, რომლის გზაზეც საქართველოს ხელისუფლება დგას. ეს საერთაშორისო საკრედიტო სააგენტოების მიერ არ დარჩა შეუმჩნეველი და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, თუ რა ცვლილებები მოხდა საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესების მიმართულებით: შარშან ჩვენი რეიტინგი Mood’s-მა ერთი საფეხურით გააუმჯობესა, წელს, წლის დასაწყისში Fitch-მა გაგვიზარდა რეიტინგი და Standard & Poor's-მა პოზიტიური პროგნოზი იწინასწარმეტყველა. მჯერა, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება მიმდინარე პროგრამისა და იმ ეკონომიკური დინამიკის საფუძველზე, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაშია“, - განაცხადა მაჭავარიანმა.