წყალტუბოს საკურორტო ზონის განვითარებაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საპარტნიორო ფონდისა და მისი კონსულტანტის, შვეიცარიული კომპანია Kohl & Partner-ის ორგანიზებით, ქალაქ წყალტუბოში საკურორტო ზონის განვითარების შესაძლებლობებზე სამდღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, შეხვედრაში მონაწილეობდნენ საპარტნიორო ფონდის, მსოფლიო ბანკის, მუნიციპალური განვითარების ფონდის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ტურიზმის ასოციაციის წარმომადგენლები, ურბანისტიკის, გარემოს დაცვის სპეციალისტები, არქიტექტორები და ევროპული სპა კურორტების წარმომადგენლები.

საპარტნიორო ფონდმა წყალტუბოს კურორტის განვითარების კონცეფციაზე მუშაობა მაისის თვეში დაიწყო, კურორტის შესაძლებლობების შესასწავლად კი Kohl & Partner დაიქირავა. კვლევა მოიცავს ტექნიკურ-ეკონომიკურ ანალიზს, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული აქტივების შესაძლო განვითარებას, ბუნებრივი აქტივების ტექნიკურ კვლევას, საკურორტო კომპლექსის განაშენიანებისა და ინფრასტრუქტურის განახლების გეგმას. კვლევა რამდენიმე თვეში დასრულდება და შემოდგომისთვის საპარტნიორო ფონდი წყალტუბოს საკურორტო ზონის განვითარების კონცეფციას მოამზადებს.

სამუშაო შეხვედრაზე Kohl & Partner-ის წარმომადგენლებმა ანდრეი გრიბიმ და მარტინ შმიდლიმ ისაუბრეს წყალტუბოს სპა კურორტის განვითარების შესაძლო მოდელებზე, რის ირგვლივაც აქტიური დისკუსია გაიმართა. სამუშაო შეხვედრის დროს გამოთქმული მოსაზრებები და რეკომენდაციები Kohl & Partner-ის მიერ საპარტნიორო ფონდისთვის წარსადგენ საბოლოო კონცეფციაში აისახება.