რატომ გაძვირდა ბანანი?

ბანანის ფასი, გასულ წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა. როგორც East fruit წერს, ამის მიზეზად ექსპერტები, ზოგიერთ მწარმოებელ ქვეყანაში არსებულ კლიმატურ პირობებს და ამასთან, შედარებით იაფი ხილის სეზონის დაგვიანებას ასახელებენ, რამაც ბანანზე მოთხოვნა გაზარდა.

FreshPlaza-ს ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში, ბანანის ბაზარზე არსებული ვითარება საკმაოდ ხელსაყრელი აღმოჩნდა მწარმოებლებისთვის, რომლებმაც მოთხოვნის შესაბამისად, პროდუქტი მნიშვნელოვნად გააძვირეს.

გერმანული კომპანია banafood-ის წარმომადგენელი, ჰანს მააგენდანსი აღნიშნავს, რომ ევროპაში ჯერ ისევ ცივა, ამიტომ ბაზარზე შედარებით იაფი ხილის სეზონი არ დაწყებულა, რამაც ბანანზე მოთხოვნა გაზარდა.

როგორც ჰანს მააგენდანსი აღნიშანავს, მიუხედავად აღნიშნული ფაქტორებისა, ბანანის წარმოება არ შემცირებულა, თუმცა მიწოდება მოთხოვნაზე ჭარბი არ არის.

ფასის მატებაზე საუბრობენ ბანანის ქართველი იმპორტიორებიც. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანიაში „პატარა მზე“ განუცხადეს, გასულ წელთან შედარებით, პროდუქტის ფასმა 15-20%-ით მოიმატა და 1 ყუთის ღირებულებამ 10 დოლარი შეადგინა.

„გასულ წელთან შედარებით, ფასი მომატებულია. შარშან საკმაოდ იაფი იყო. წელსაც დაბალ ფასებს პროგნოზირებდნენ, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ეკვადროში ძალიან დიდი წვიმები იყო და მოსავლის თითქმის, 30-35% გაანადგურდა, სავარაუდოდ, წელს ზაფხულში ისეთი დაბალი ფასი აღარ იქნება.

რაც შეეხება კონკრეტულ ფასს, 1 ყუთი ბანანი, სადაც 19,5 კგ პროდუქტი ჩადის, წელს 10 დოლარი ღირს. რაც იმას ნიშნავს, რომ ფასი დაახლოებით, 15-20%-ით გაიზარდა. შესაბამისად, ზაფხულში პროდუქტის გაიაფება მოსალოდნელი არ არის. სამწუხაროდ, ბაზარზე ამინდს ჩვენ ვერ ვქმნით და დამოკიდებული ვართ მსოფლიო ფასებზე“,- განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანიის დირექტორმა ვაჟა ბადაგაძემ.

ნინი ქეთელაური