„ამ ეტაპზე გვაქვს ქვეყანა, სადაც პარლამენტარები გადაწყვეტილებებს დე ფაქტო ვიღებთ" - ამის შესახებ, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„გვიწევს ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებთან შეჯახება, როცა თითქოს სხვა მოლოდინი უნდა გვქონდეს ჩვენ მიერ დეკლარირებული სტატუსიდან გამომდინარე, რეალობა კი ცოტა სხვა არის. ამის გამო ან პროტესტი უნდა გამოხატო და წახვიდე, ან დარჩე და ეცადო ამგვარ თემებში მეტი სიცხადის შეტანას. მე ჯერჯერობით ამ მეორე გზას ვადგავარ. თუნდაც კომიტეტის დასახელების შეცვლა, ჩემი სურვილი, რომ ვიმუშაოთ ეკონომიკის პოლიტიკის დოკუმენტზე, სამინისტროებში შემოვიღოთ მუდმივი მდივნის პოზიცია, სწორედ იქით არის მიმართული, რომ დეკლარირებული ღირებულებები პროცესების რეალური ამძრავი გახდეს. როცა დოკუმენტს საჭირო სტატუსი ექნება, მინისტრის მოყვანა და გაშვებაც მისი შესაბამისი იქნება.
აღმასრულებელი ხელისუფლება არის ინსტრუმენტი, რომლითაც მმართველი გუნდი თავის დაპირებებს უნდა ასრულებდეს, ჩვენ კი ახლა ეს მოცემულობა არ გვაქვს. ზოგი პარლამენტის წევრის საკანონმდებლო ორგანოში შესვლის ინიციატორი შესაძლოა თავად იმ ხელისუფლების წევრი იყო, რომელიც საპარლამენტო რესპუბლიკის პირობებში დეპუტატმა უნდა გააკონტროლოს. როგორ გააკონტროლებს იმას, ვისი წყალობითაც პარლამენტში მოხვდა? დავარქვათ ამას გარდამავალი ეტაპი, რომელშიც ახლა ჩვენ ვართ და რომელიც 2020 წლიდან უნდა გასწორდეს.
მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება ჩვენთან მაინც ფორმალურია. მინისტრები მოდიან და წასვლამდე ცოტა ხნით ადრე თუ დაამთავრეს სტრატეგიულ დოკუმენტზე მუშაობა, ხომ კარგი. შემდეგ ახალი მინისტრი მოდის და ახალ დოკუმენტს წერს... ნდობის გამოცხადების მომენტში პოლიტიკური ხედვის დოკუმენტი თითოეული სამინისტროსთვის უკვე უნდა არსებობდეს, მისი ანალიზი უნდა ხდებოდეს, მაგრამ ეს საუკეთესო სცენარია, რომლისგანაც ცოტა შორს ვართ,“- აღნიშნა კაკულიამ.