ტრამპი: აშშ ჩინეთთან სავაჭრო მოლაპარაკებებში ზუსტად იქ დგას, სადაც გვინდა რომ იყოს

„აშშ ჩინეთთან სავაჭრო მოლაპარაკებებში ზუსტად იმ დონეზე დგას, რომელზეც უნდა იმყოფებოდეს“. ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „ტვიტერში“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

„ჩვენ ვიმყოფებით ზუსტად იქ, სადაც უნდა ვიმყოფებოდეთ ჩინეთთან. შეგახსენებთ, რომ მათ დაარღვიეს ჩვენთან მოლაპარაკება და ეცადნენ გადაეხედათ პირობებისთვის. ჩვენ ჩინეთისგან გადასახდელის სახით, ათობით მილიარდ დოლარს მივიღებთ. ჩინელ ექსპორტიორებს საშუალება ექნებათ საკუთარი პროდუქცია შტატებში აწარმოონ (იდეალურ შემთხვევაში) ან მოახდინონ მისი იმპორტი იმ ქვეყნებიდან, რომლებიც დამატებითი საბაჟო ტარიფებით არ იბეგრება,“ - დაწერა ტრამპმა „ტვიტერის“ გვერდზე.

მისივე თქმით, ვაშინგტონი გადასახდელებისგან მიღებულ შემოსავლებს სოფლის მეურნეობის განვითარებაში მიმართავს. აქედან მიღებული პროდუქციის ნაწილს კი მსოფლიოში მოშიმშილე ხალხს გადაუნაწილებენ.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა პარასკევს განაცხადა, რომ ამოქმედებული საბაჟო ტარიფების მიუხედავად, შტატები სავაჭრო საკითხების დარეგულირებაზე ჩინეთთან მოლაპარაკებებს განაგრძობს.

კოკა კვირკველია