”მეწარმეებს 2 აგვისტოდან შეეძლებათ ისარგებლონ სესხზე შეღავათიანი პირობებით”

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ქეთევან ბოჭორიშვილის ინფორმაციით, დაინტერესებულ მეწარმეებს 2 აგვისტოდან შეეძლებათ მიმართონ ბანკს და ისარგებლონ სესხზე შეღავათიანი პირობებით.

ბოჭორიშვილის თქმით, აღნიშნული ხელს შეუწყობს არსებული საწარმოების პროდუქტიულობას და მათ მიერ ნაწარმოები პროდუქციის კონკურენტუნარიანობას.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თქმით, 2014 წლის სექტემბრიდან მეწარმეობის განვითარების სააგენტო სამთავრობო ინიციტივის - "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში მიკრობიზნესის წახალისების პროგრამის განხორციელებას იწყებს.

"მიკრობიზნესის წახალისების პროგრამის განსახორციელებლად გამოყოფილია 20 მლნ ლარი, რომლის ფარგლებშიც მოხდება 3200 მეწარმის ხელშეწყობა საქართველოს ყველა რეგიონში. აღნიშნული უზრუნველყოფს 4600 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას. პროგრამის შედეგად მოხდება ადგილობრივი მეწარმეების კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას, შემცირდება რეგიონის მცხოვრებთა მიგრაცია, რეგიონში დამკვიდრდება თანამედროვე ბიზნეს პრაქტიკა და ადგილობრივ დონეზე მოხდება შემოსავლების ათვისება" , - აცხადებს ბოჭორიშვილი.

მისი თქმით, ფინანსური დახმარების კომპონენტი გულისხმობს დამწყები მეწარმეებისთვის 5 000 ლარის ოდენობის თანამონაწილეობრივი დაფინანსების გამოყოფას.

ბოჭორიშვილის ინფორმაციით, მეწარმეთა ჯგუფის შემთხვევაში მაქსიმალური თანხა 15 000 ლარია.