კომპანია Apple-ის პროდუქციის მფლობელებს ამიერიდან შეუძლიათ ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევისთვის, კომპანიის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანონ.
როგორც ტელეკომპანია CNN-ი იუწყება, აღნიშნული გადაწყვეტილება ხუთი ხმით ოთხის წინააღმდეგ ამერიკის უზენაესმა სასამართლომ გამოიტანა.
უზენაეს სასამართლოში მიმართვის მიზეზი ის ფაქტი გახდა, რომ სმარტფონებისთვის აპლიკაციების გადმოწერა მხოლოდ AppStore-დან არის შესაძლებელი. Apple ამტკიცებს, რომ საუბარია არა ბაზრის მონოპოლიზებაზე, არამედ მფლობელების სამრტფონების უსაფრთხოებაზე, რათა მათ მოწყობილობებში არ მოხვდეს იმ ტიპის აპლიკაციები, რომლებიც კომპანიის მიერ შეთავაზებულ მომსახურებას ეწინააღმდეგებიან.
კომპანიის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა, ბაზარზე დიდი რყევები გამოიწვიოს.
ცნობისთვის, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებიდან მალევე, კომპანიის აქციებზე ფასებმა 5,3%-ით ანუ ერთ ცალ აქციაზე 10,4 დოლარით 186,6 დოლარამდე იკლო.