გლაზგოს ავტოგასამართი სადგური გომბორზე - „სოკარი“ კრეატიულ კამპანიას განაგრძობს

ფეხბურთის ევროპის 2020 წლის ჩემპიონატთან დაკავშირებით, კომპანია „სოკარი“ კრეატიულ კამპანიას განაგრძობს.

კამპანიის ფარგლებში, 13 მაისს „სოკარის“ კიდევ ერთი რებრენდირებული ავტოგასამართი სადგური, ამჯერად უკვე კახეთში, გომბორის უღელტეხილზე გაიხსნა. განახლებული სადგური დიდი ბრიტანეთის ქალაქ გლაზგოში გამოგზაურებთ. განსხვავებულ დიზაინში შოტლანდიის საფეხბურთო კლუბების, „სელტიკისა“ და „რეინჯერსის“ ფერებია გამოყენებული, რადგან „სელტიკის“ (აღმოსავლეთ გლაზგოს გუნდი) და „რეინჯერსის“ (დასავლეთ გლაზგოს გუნდი) ერთმანეთთან დაპირისპირება — ე.წ. Old Firm მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე განთქმული და დაძაბული დაპირისპირებაა.

სადგურს დეკორაციის სახით ვისკის კასრები დაემატა, როგორც შოტლანდიის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო.

მომხმარებლისთვის საინტერესოა ავტოგასამართ სადგურებზე დამატებული სხვადასხვა სერვისიც. მაგალითად, გომბორზე მდებარე ავტოგასამართ სადგურზე მისულებს „სელტიკისა“ და „რეინჯერსის“ საფეხბურთო გუნდების მაისურების შეძენა შეუძლიათ.

კამპანიის ფარგლებში „სოკარმა“ ორი განახლებული ავტოგასამართი სადგური უკვე გახსნა. თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე სადგური - ამსტერდამს, მთავარი ოფისის მიმდებარე სადგური კი რომს მოგაგონებთ. კამპანია ფეხბურთის 2020 წლის ჩემპიონატს უკავშირდება, რომელიც, UEFA-ს ინიციატივით, გლობალურად აღინიშნება. ფეხბურთის ისტორიაში პირველად, მატჩები მსოფლიოს 12 სხვადასხვა ქალაქში ჩატარდება. სწორედ ამ ქალაქების სიმბოლიკას იყენებს „სოკარი“ საქართველოში მდებარე ავტოგასამართი სადგურების რებრენდინგისთვის. თუმცა, კომპანია ითვალისწინებს გარემოებებს და საქართველოში რუსეთის ქალაქის პოზიციონირებისგან თავს იკავებს. ამიტომ ავტოგასამართი სადგურები გაფორმდება ყველა ქალაქის სიმბოლიკით, გარდა პეტერბურგისა.

ქალაქების მიხედვით, სადგურებზე გაიხსნება თემატური მაღაზიები. რებრენდინგზე ცნობილმა დიზაინერებმა იმუშავეს.

„სოკარის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმის „პასუხისმგებლობის 5 სტანდარტის“ ერთ-ერთი მიმართულება ახალგაზრდების მხარდაჭერაა, რაც განათლების, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტის, მათ შორის, ფეხბურთის პოზიციონირების ხელშეწყობას გულისხმობს.