კახეთის რეგიონში ორ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადაეცა

კახეთის რეგიონში, „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს „პალდოველი 2014“ და „კვეტერა“ სასოფლო სამეურნეო ტექნიკა და სათიბ-საძოვარი 25 წლიანი იჯარით გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე კახეთის რეგიონში პროგრამაში ჩართული კოოპერატივების მეპაიეებს შეხვდა და მათ საქმიანობას გაეცნო.

"სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებმა 90% -იანი თანადაფინანსებით მიიღეს ტრაქტორი გუთნით, როტაციული და სეგმენტური სათიბელათი, ფოცხით, მოთიბული მასის დამწნეხით და მისაბმელით ტვირთის ტრანსპორტირებისათვის.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „პალდოველი 2014“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორში საქმიანობს, მასში 25 ადგილობრივია გაერთიანებული, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „კვეტერა“ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეძებშია რეგისტრირებული და 20 მეპაიეს აერთიანებს. ჯამში კოოპერატივებში მობილიზებული ფურების რაოდენობა 414 ფურს შეადგენს. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კოოპერატივ „პალდოველი 2014-ს“ 442 ჰა, ხოლო კოოპერატივ „კვეტერას“ 309 ჰა სათიბ-საძოვარი 25 წლიანი იჯარის უფლებით გადაეცა.

სახელმწიფო პროგრამაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 39 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია ჩართული",- ნათქვამია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს განცხადებაში.