შვეიცარიის ელჩმა საქართველოში, ლუკას ბეგლინგერმა უკვე ნახევარი წელია, რაც გადაწყვიტა საქართველოში დარჩენა.
მან თანამდებობა 2015 წელს დაიკავა და საქართველოში ელჩად მოღვაწეობა 2018 წლის ნოემბრის ბოლოს დაასრულა.
თუ რა განვითარების დონეზეა საქართველო, რა გამოწვევების წინაშე დგას ქართული ღვინო და რატომ გადაწყვიტა აქ დარჩენა - ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებზე ლუკას ბეგლინგერი bpn-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს.
რატომ გადაწყვიტეთ საქართველოში დარჩენა?
პირველი მიზეზი გახლავთ ის, რომ საქართველო ძალიან შეგვიყვარდა. ჩემი სამუშაო 3 წელზე მეტხანს გაგრძელდა. სამსახურის პერიოდში საკმაოდ დატვირთული ვიყავი და ვთვლი, რომ საქართველო არასაკმარისად ვნახეთ. არ ვგეგმავდით აქ დარჩენას. იმდენად მოგვწონს ქართველი ხალხი, რომ მათ გადაგვადგმევინეს ეს ნაბიჯი. ელჩობის პერიოდის ამოწურვის შემდეგ გეგმა დავსახეთ თუ რა უნდა გვექნა. აგრეთვე, აქ ისეთი აქტივობებით ვართ დაკავებული, რომ მაინც ვახერხებთ შვეიცარიასთან გვქონდეს შეხება.
რა მსგავსება/განსხვავებაა საქართველოსა და შვეიცარიას შორის?
როდესაც ბუნების ორ ფოტოს მაჩვენებენ, ხანდახან მიჭირს გარჩევა თუ რომელია საქართველო ან შვეიცარია. შესაძლოა, ესეც არის იმის მიზეზი, რომ აქ ყოფნა მოგვწონს. კლიმატი, ხალხი, ყველაფერი ძალიან საინტერესოს ხდის თქვენს ქვეყანას. საქართველო ნამდვილად მულტიკულტურულია. რაც შეეხება სხვაობას, განვითარების დონე საკმაოდ განსხვავდება. ელჩობის პერიოდშიც და ახლაც ვისურვებდი, რომ საქართველომ პროგრესი განიცადოს, ამასთანავე მსურს, რომ ხალხი უკეთესად ცხოვრობდეს. ეს ხანგძლივი პროცესია და გამოწვევას წარმოადგენს ქვეყნისთვის.
საქართველოში რას საქმიანობთ?
ბოლო რამდენიმე თვე საკმაოდ დატვირთული გვქონდა, მას შემდეგ რაც დავასრულე ელჩად მუშაობა, უჯარმაში სახლი ავაშენეთ. ჩვენი ძირითადი საქმიანობა ქართული ღვინის შვეიცარიაში ექსპორტზე გატანაა. ეს პროცესი ციურიხში დავიწყეთ გასულ წელს. ეს საქართველოსთვის დიდი გამოწვევაა, რადგან შვეიცარიაში ქართული ღვინო დიდი პოპულარობით არ სარგებლობს. განსაკუთრებით, ქვევრის ღვინო არ არის მარტივად გასაყიდი, ხალხს უნდა აუხსნა თუ რა ღვინოა. გამოდის, რომ შვეიცარიაშიც და საქართველოშიც ვმუშაობთ. აქ ჩვენ ისეთი ღვინის მოძებნა გვიწევს, რომელიც შვეიცარიის ბაზარზე უფრო მეტად გაიყიდება. ხოლო, შვეიცარიაში ამ ღვინის პოპულარიზაციითა და გავრცელებით ვართ დაკავებულები.
ღვინის რომელ სახეობას ანიჭებთ უპირატესობას?
იმდენად დიდი არჩევანი გაქვთ, რომ რთულია ცალსახად თქვა რომელი ჯობს. თუმცა, მაინც ქვევრის ღვინოს გამოვარჩევ. ეს ღვინო 1 000 წელზე მეტია, რაც არსებობს. როდესაც აქ პირველად ჩამოვედით გაკვირვებულები დავრჩით, ეს ღვინო რომ აღმოვაჩინეთ. ეს არ არის ევროპული სტილის სასმელი, მისი სტრუქტურა სრულიად განსხვავებულია. გარდა ამისა, თითქმის ყველა კერძთან შეგვიძლია მივირთვათ.
როგორ ფიქრობთ გაუმჯობესდა თუ არა ქართული ღვინის ხარისხი და რამდენად იმოქმედა მასზე ექსპორტმა?
საქართველომ საკმაოდ დიდი ნახტომი გააკეთა ღვინის მხრივ. რაღაც მხრივ კარგია, რომ რუსეთის მხრიდან ქართული ღვინის გავრცელებას ბოიკოტი მოჰყვა, რადგან საქართველომ შეძლო სხვა ბაზრის მოძებნა. ეს საკმაოდ რთული პერიოდი იყო ქართული ღვინისთვის, თუმცა თქვენ შეძელით უკეთესი ბაზრის მოძებნა. საქართველო ჯერ კიდევ გამოწვევის წინაშეა ამ მხრივ. ჯერ კიდევ ბევრი ნაბიჯია გადასადგმელი, რათა ქართული ღვინო უფრო მეტად პოპულარული გახდეს. ექსპორტზე გატანილმა ერთმა ცუდმა პროდუქტმა, შესაძლოა სრულიად ბაზარზე იქონიოს გავლენა.
რამდენად მოსწონს შვეიცარიელ ხალხს ქართული ღვინო?
ძირითადად ახალგაზრდები ინტერესდებიან, შესაძლოა იქიდან გამომდინარე, რომ უფროს თაობას „ღვინის გემოვნება“ უკვე ჩამოყალიბებული აქვს. ახალგაზრდებს უყვართ დაგემოვნება. რასაკვირველია, არის ხალხი, ვისაც ევროპული ღვინო ურჩევნია. თუმცა, ქვევრის ღვინო საკმაოდ დიდი ინტერესით სარგებლობს. ვფიქრობ, რომ ამ ღვინოს დიდი პოტენციალი აქვს.
ელჩობის პერიოდში თქვენ განაცხადეთ, რომ საქართველო უცხოელი ინვესტორებისთვის მიმზიდველი იყო. ახლაც ასე ფიქრობთ?
ვფიქრობ, რომ საქართველო უცხოური ინვესტიციების ნაკლებობას განიცდის. საჭიროა მეტი ინვესტიცია ბევრი მიზეზის გამო. ეს უნდა მოხდეს აგროკულტურულ სექტორში, მომსახურების სფეროში და კიდევ ბევრგან. ტურიზმი კი უფრო და უფრო წინ მიიწევს.
რა განსხვავებაა საქართველოსა და შვეიცარიას შორის ბიზნესის კეთების თვალსაზრისით?
რა თქმა უნდა, განსხვავება საკმაოდ დიდია. ალბათ ყველაზე დიდი პრობლემა ცუდი ჩვევებია, რაც სსრკ-დან შემოგრჩათ. რეგულაციებისადმი დამოკიდებულება, მოკლევადიანი ბიზნეს გეგმები და კიდევ ბევრი მაგალითის მოყვანა შეგვიძლია. თუკი ეს ყველაფერი დაიძლევა, უცხოური ინვესტიციის მოზიდვა უფრო გამარტივდება.
რას ფიქრობთ DCFTA-ს ამოქმედებაზე? იქონია თუ არა საქართველოს ეკონომიკაზე გავლენა?
ვფიქრობ, რომ კი. თუმცა, ამაზე საუბარი, ჯერ ნაადრევია. ეს ხანგრძლივი პროცესია, საქართველო ჯერ კიდევ ნელ-ნელა მიიწევს წინ. ჯობია, რომ 10 წლის შემდეგ ვისაუბროთ თუ რა მოხდება. საქართველო ჯერ უნდა დაეწიოს ევროკავშირის სტანდარტებს. როგორც ვთქვი, ამას დიდი დრო სჭირდება. ბევრი ქვეყანა, მაგალითად, შვეიცარია ეხმარება საქართველოს, რათა მეტი უცხოური ინვესტიციის დაბანდება მოხდეს. თუმცა, მეორე მხრივ საკმარისი ცოდნაა საჭირო, ამის გარეშე წარმოუდგენელია.
აპირებთ თუ არა ქართული ენის სწავლას
რასაკვირველია, ენა გარკვეულწილად, ბარიერია. თუმცა, რაღაცნაირად მაინც ვახერხებთ მეზობლებთან კომუნიკაციას ხელებით, მიმიკებით, სხვა მეთოდებით. ჩვენს მეზობელს არაერთხელ მოუყვანია ნათესავი, რომელიც ინგლისურად საუბრობს. ეს კიდევ უფრო გვიმარტივებს კომუნიკაციას, თუმცა, რა თქმა უნდა, ენის სწავლა მნიშვნელოვანია და უახლოეს მომავალში ამასაც მოვახერხებთ.
რას ფიქრობთ საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაზე?
ქალაქებსა და სოფლებს შორის ძალიან დიდი სხვაობაა. სოფლებში მცხოვრებ ბავშვებს, რასაკვირველია, უფრო ნაკლები განვითარების დონე აქვთ, რადგან მათ რაღაცეებზე წვდომა არ აქვთ. ძალიან ბევრი ამთავრებს უნივერსიტეტს, თუმცა როდესაც კომპანიების მოთხოვნებს ვუყურებთ, ეს ლოგიკაში არ ჯდება. ერთია თუ რა სურს ბიზნესს და მეორე ხალხს რამდენად დიდი ცოდნა აქვს.
რომელ ქვეყანას გამოარჩევდით?
საქართველოს! მალევე გადავწყვიტეთ, რომ სწორედ აქ უნდა გვეცხოვრა - ასე არც ერთი ქვეყნის მიმართ არ ვყოფილვართ. ეს კი თქვენზე და თქვენს შესანიშნავ ხალხზე ბევრს ამბობს.
როგორ გახსენდებათ ელჩობის პერიოდი?
მთლიანად აღებული 10 წელია, რაც ელჩი ვარ. ეს, გარკვეულწილად, პრივილეგიაცაა, რადგან ქვეყნის გარეთ გიწევს მუშაობა. შვეიცარია, მიუხედავად იმისა, რომ მაღალგანვითარებულია, მაინც საინტერესოა ქვეყნის გარეთ ცხოვრება. გამოვარჩევდი, ასევე იმ ფაქტსაც, რომ ყოველ ოთხ წელში ქვეყნიდან ქვეყანაში გიწევს მონაცვლეობა. თითოეული ქვეყანა განსხვავდება ერთმანეთისგან, ყოველ ჯერზე გიწევს შეგუება, მორგება ამა თუ იმ კულტურაზე. ვფიქრობ, რომ ეს პროფესია მაახალგაზრდავებს და მუდამ ტონუსში ვყავარ. ვერ წარმოვიდგენ, რომ ახლა მხოლოდ შვეიცარიაში ვიყო. არაფერს არ ვნანობ.
არსებობს თუ არა ისეთი შემოთავაზება, რაც დაგატოვებინებთ საქართველოს?
არა! მიუხედავად იმისა, რომ აქ ვცხოვრობთ, შვეიცარიაში უფრო ხშირად გვიწევს ჩასვლა, ვიდრე შვებულების პერიოდში. ეს მოტივაციის მომცემია.
პირველი, რაც „საქართველოზე“ გახსენდებათ (ღვინის გარდა)
ღვინის გარდა... სუფრა! სუფრა კულტურაა. ეს არ არის მხოლოდ ჭამა-სმა და სხვადასხვა კერძების ვარიაცია. ეს გახლავთ ერთად ყოფნისა და აღნიშვნის კულტურა. ამას ჩვენთან, უჯარმაშიც ვხედავ. საქართველო გახლავთ ცივილიზაციების ერთ-ერთი უძველესი კერა. რასაკვირველია, მხოლოდ ღვინო არ მაქვს მხედველობაში. აქ რომ ჩამოდიხარ, იმდენი ღირსშესანიშნაობა გხვდება, დრო არ გყოფნის დასათვალიერებლად. მიუხედავად იმისა, რომ შვეიცარია ბევრად განვითარებულია, სწორედ საქართველოა, საიდანაც დაიწყო ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეპოქა.
თეონა ცუცქირიძე