თვის ბოლოდან ჭავჭავაძის გამზირის ნაწილი გადაიკეტება

თვის ბოლოდან ჭავჭავაძის გამზირის ნაწილი გადაიკეტება.

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეტაპობრივად მთლიანად გამზირს ჩაუტარდება სამუშაოები, რადგან როგორც კალაძემ აღნიშნა, ტერიტორია ძალიან დაზიანებულია და მუდმივად ხდება მიწის გამორეცხვა.

„თვის ბოლოს ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციას ვგეგმავთ. იქ ძალიან მძიმე მდგომარეობაა, ისეა დაზიანებული, რომ მუდმივად ხდება მიწის გამორეცხვა. ეს კი იმითაა გამოწვეული, რომ მიწისქვეშა კომუნიკაციები არის ცუდ მდგომარეობაში.

სამუშაოები ეტაპობრივად განხორციელდება და იმის გამო, რომ არ მოხდეს მთლიანად გამზირის გადაკეტვა და საავტომობილო მოძრაობის პარალიზება, ტერიტორიას სექციებად დავყოფთ. პირველ ეტაპზე კი სამუშაოები განხორციელდება ვარაზისხევის ამოსასვლელიდან პიქსელის შენობამდე ტერიტორიაზე, რადგან სწორედ ეს ნაწილია ყველაზე მძიმე მდგომარეობაში და პირველ რიგში მიწისქვეშა კომუნიკაციების სამუშაოები ჩატარდება,“-აღნიშნა კალაძემ.

თაია არდოტელი