საწვავის იმპორტი იზრდება

2019 წლის აპრილში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა 86,3 ათასი ტონა შეადგინა, რაც 16.7 ათასი ტონით აღემატება წინა თვის მაჩვენებელს. მათ შორის, 2019 წლის აპრილში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 40,7 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 45,6 ათასი ტონა. ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სულ მიმდინარე წლის 4 თვის განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 318,9 ათასი ტონა, რაც 10,9 ათასი ტონით ნაკლებია 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით (329,8 ათასი ტონა).

მათ შორის, 2019 წლის იანვარ-აპრილიში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 175,6 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 143,3 ათასი ტონა.

"საწვავის კატეგორიების მიხედვით 2019 წლის იანვარ-აპრილში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 120,5 ათასი ტონა, ანუ 68,6%; A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი - 52,0 ათასი ტონა, ანუ 29,6%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი - 3,1 ათასი ტონა, ანუ 1,8%.

ქვეყნების მიხედვით, 2019 წლის 4 თვის განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 100,6 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 31,5%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი - 86,0 ათასი ტონა (27,0%), აზერბაიჯანი - 61,9 ათასი ტონა (19,4%), ბულგარეთი - 32,2 ათასი ტონა (10,1%), თურქმენეთი - 24,3 ათასი ტონა (7,6%); საბერძნეთი - 13,4 ათასი ტონა (4,2%) და სხვ",- ნათქვამია ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებაში.