მეღვინეობის განვითარებისთვის ახალი პროექტი იწყება

საქართველოში მეღვინეობის განვითარებისთვის ახალი ვებ-გვერდი იქმნება. პროექტი შპს „ქართული ღვინის გილდიას“ ეკუთვნის, რომელიც პორტალ www.topgeorgian.wine -ზე ქვეყანაში მაღალი ხარისხის ღვინოების ჩამონათვალს გააერთიანებს. მასში ჩართვის მსურველი მეღვინეების პროდუქტს კი, გამოცდილი დეგუსტატორები შეაფასებენ.

საიტი წარმოდგენილი იქნება 7 ენაზე, რომლის საშუალებითაც ადგილობრივი, საერთაშორისო მომხმარებლები და შემსყიდველები მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას ღვინის მწარმოებლის, მისი ტიპის, ყურძნის ჯიშებისა და დეგუსტაციის დროს მინიჭებული ქულის შესახებ.

ამასთანავე, ვებგვერდზე წარმოდგენილი ორგანოლეპტიკური მახასიათებლების აღწერა და კერძებთან შესაბამისობის რეკომენდაციები დაეხმარება სერვისის ობიექტებს (რესტორნებს, ბარებს) ღვინით გამასპინძლების ეტიკეტის დახვეწაში.

შპს ,,ქართული ღვინის გილდიის" განმარტებით, პორტალის შექმნის მიზანია, ყველა ქართული ხარისხიანი ღვინო და ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელი ერთ პლატფორმაზე იყოს წარმოდგენილი.

ამასთან, მოხდეს:

  • ქართული ღვინის, ყურძნის ჯიშების და ტრადიციული ტექნოლოგიების პოპულარიზაცია;
  • ართული ხარისხოვანი ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელის რეალიზაციის ხელშეწყობა;
  • ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე შესაბამისი ადგილის დამკვიდრება - საფასო სეგმენტის მიხედვით;
  • მწარმოებელთა მოტივაცია;

პროექტში ჩართვა შუძლიათ როგორც მცირე წარმადობის მარნებს, ასევე ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელების საწარმოებს.

პროქტში ჩართული არიან შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე დეგუსტატორები, რომლებიც სასმელებს 100 ქულიანი სისტემით შეაფასებენ (ვაზისა და ღვინის OIV-ის შესაბამისი რეგულაციით).

აღსანიშნავია, რომ საიტზე განთავსდება მხოლოდ 80 - 100 ქულამდე შეფასებული ღვინო და ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლი.

სადეგუსტაციო კომისიის მიერ ზადის ან ნაკლის იდენტიფიცირების შემთხვევაში კი, ინფორმაცია მხოლოდ მწარმოებელს მიეწოდება. ამასთან, სურვილის შემთხვევაში, მწარმოებელი უსასყიდლოდ ისარგებლებს ქართული ღვინის გილდიის საკონსულტაციო სერვისებით.