კომპანია „ინ-სი“ უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კოსტავას ქუჩაზე, სადაც მუშა გარდაიცვალა, სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდა

კომპანია „ინ-სი“ რამდენიმე მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ კოსტავას ქუჩაზე, სადაც გუშინ მუშა გარდაიცვალა, სამშენებლო სამუშაოებს არ აწარმოებდა.

„სამშენებლო კომპანია „ინ-სი“ ეხმაურება მედიაში გავრცელებულ მცდარ ინფორმაციას, რომელიც ეხებოდა 14 მაისს, კოსტავას ქუჩაზე სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობისას მუშის გარდაცვალების საკითხს. რამდენიმე მედიასაშუალების მიერ მოყვანილი იყო არაზუსტი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც აღნიშნულ ობიექტზე სამუშაოებს კომპანია „ინ-სი“ აწარმოებს. უნდა აღინიშნოს, რომ „ინ-სი თაუერი“ და კომპანია „ინ-სი“ სხვადასხვა იურიდიული პირები არიან. კომპანიამ „ინ-სი“ აღნიშნულ სამშენებლო ობიექტზე გარკვეული სამუშაოების წარმოება 2017 წლის თებერვალში დაასრულა და მას შემდეგ მასთან არც ფაქტობრივი და არც იურიდიული შეხება არ ჰქონია.

კომპანია „ინ-სი“ მწუხარებას გამოთქვამს აღნიშნული ტრაგიკული შემთხვევის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს“, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.