„მხოლოდ წარსულის ცოდნით დაუცავს ყოველს ერს თავისი ეროვნება, თავისი არსებობა, თავისი ვინაობა”, - წერდა მე-19 საუკუნის უდიდესი საზოგადო მოღვაწე ილია. მართლაც, საკუთარი ვინაობის დაცვა ეროვნული კულტურის, საგანძურის, ისტორიული ძეგლებისა თუ ენის შენარჩუნებაშია.
ამ ჩამონათვალში კი შეუძლებელია, მოწინავე ადგილზე არ მოხვდეს უნიკალური ქართული ღვინო თავისი 8 000 წლიანი ისტორიით, რომელმაც ჩვენი ქვეყანა სულ რამდენიმე თვის წინ Forbes-ის, National Geographic-ის, BBC-სა და სხვა ავტორიტეტული გამოცემების მეშვეობით მსოფლიოს გააცნო.
ეს ტრადიცია შენარჩუნებასა და პოპულარიზაციას საჭიროებს, რასაც 2017 წელს ბორდოში დაწყებული გამოფენების სერიით ღვინის ეროვნული სააგენტო ახორციელებს. აღნიშნული სერიის ფარგლებში წელს, ღვინის სააგენტომ იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში პროექტი „საქართველო - ღვინის სამშობლო“ განახორციელა და ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის ღვინოსთან ერთად, ქართული კულტურისა და სუფრის პრეზენტაციაც გამართა.
გამოფენა იაპონიაში 2 თვე გრძელდებოდა, რომლის დროსაც სარეკლამო ბანერები ტოკიოს მეტროშიც განთავსდა. აღნიშნული მეტროსადგურის მეშვეობით კი მგზავრებს პირდაპირ იმ საგამოფენო დარბაზშიც შეეძლოთ მოხვედრა, სადაც საქართველოს შესახებ ყველაფერს შეიტყობდნენ.
პროექტი „საქართველო - ღვინის სამშობლო“ იაპონიაში ქართული სუფრის პრეზენტაციით დასრულდა, რომელსაც პოპულარული სუმოისტები, ტოჩინოშინი და გაგა მარუ უძღვებოდნენ.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის დავით ტყემალაძის თქმით, დასკვნითი ღონისძიება „გაკუში კაიკანის“ სივრცეში გაიმართა. მისივე თქმით, როცა ღვინის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები შესაბამის სივრცეს ეძებდნენ, „გაკუში კაიკანი“ განსაკუთრებული მიზეზის გამო შეარჩიეს.
პროფესორ-მასწავლებლებს და ამ სივრცის დირექტორს საქართველოში ველოდებით, ამის სურვილი მათ თავად გამოთქვეს, თავდაპირველად კი ჩვენ ერთმანეთს საქართველოში იაპონიის ელჩმა ტადაჰარუ უეჰარამ დაგვაკავშირა. მან მითხრა, რომ არსებობს ხალხი, რომელთაც უნდათ, ამ სივრცის დაარსებიდან 100 წლის საზეიმო ღონისძიებაზე ქვევრში დაყენებული ღვინო გახსნან. ეს გახდა საბაბი, რომ უფრო მეტად დავინტერესებულიყავით ამ სივრცით, ამ ხალხით“, - აღნიშნა მან.
მას შემდეგ, რაც „გაკუში კაიკანის“ საიუბილეო ღონისძიებაზე ქართული ღვინის დაგემოვნება გადაწყდა, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ გადაწყვიტა, მათ სახელზე ღვინო დააყენოს.
უფრო კონკრეტულად, რა შედეგები მოიტანა იაპონიაში ქართული ღვინისა და კულტურის პოპულარიზაციამ, ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავჯმდომარის მოადგილეს დავით ტყემალაძეს დეტალურად ვესაუბრეთ.
რა იყო პროექტ „საქართველო - ღვინის სამშრობლოს“ მიზანი და რა აქტივობები ჩატარდა წელს მის ფარგლებში?
აპროექტის მიზანი არის საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს თანამედროვე მსოფლიოსა და სამყაროში დამკვიდრება, რადგან ეს ფაქტი უკვე მეცნიერულად დადასტურებულია. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის სარეკლამო და პიარ-ღონისძიება, რომელსაც თან ახლავს ღვინო და ღვინის რეკლამირება, საქართველოს პოზიციონირება იმ კუთხით, რომ ვართ სამშობლო, კერა, ზოგადად, მევენახეობა-მეღვინეობის დარგში, ვაწარმოებთ ღვინოს და შესაბამისად, შემდეგ არა ირიბ, არამედ რამდენიმე პირდაპირ სარგებელს ველოდებით.
რაც შეეხება ღონისძიებებს, პირველი და მთავარი არის ის საგამოფენო სივრცე, სადაც წარმოდგენილი არტეფაქტები და უნიკალური არქეოლოგიური მასალა წარმოვადგინეთ, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზეა მოპოვებული. მათ შორის, გამოფენილია ის თიხის ნიმუში. რომელზეც მიაკვლიეს მჟავას, რომლითაც შემდეგში დადასტურდა, რომ ის ღვინისეული წარმოშობის იყო.
ჩვენ მიერ ჩატარებულ ყველა ღონისძიებას ფაქტობრივად, უკუგება აქვს და წარმატებულად შეგვიძლია, ჩავთვალოთ. რეალურად, გარკვეული დროის შემდეგ ვხვდებით სხვადასხვა სტატიას, დაინტერესებულ პირებს, რომლებიც კონკრეტულად მოდიან და გვიკავშირდებიან, საელჩო იქნება თუ საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით.
საქართველოსა და ქართული ღვინის მიმართ კონკრეტულად იაპონიის ბაზარზე როგორი განწყობა შეინიშნება?
გვაქვს ციფრები, რომლებიც უკვე მივიღეთ და შეგვიძლია, ვთქვათ, რომ იაპონიის ბაზარზე არის დადებითი ტენდენცია - ბოლო წლების მანძილზე ძალიან მოიმატა რეალიზაციის ფაქტებმა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქვეყანა ღვინის მოხმარებით ტრადიციული არ არის. მიუხედავად ამისა, იგი არის საკმაოდ ძლიერი ეკონომიკური ქვეყანა და აზიის ქვეყნებში ბევრი ბაძავს და სურს, მსგავსი სიახლეები დანერგოს, ამ შემთხვევაში, ღვინის და ღვინის პროდუქტების მხრივ. შესაბამისად, ეს ყველაფერი ამ მიზნებს ემსახურება და მგონია, რომ ამ ეტაპზე თავი კარგად გავართვით. რა თქმა უნდა, ჯერ ნაადრევია რაღაც შედეგებზე საუბარი, ამას დრო გვაჩვენებს, თუნდაც 1 წელიწადში გამოჩნდება ყველაფერი.
ძირითადად, ვინ ინტერესდებოდა ქართული ღვინით, ბიზნეს-წრეები თუ რიგითი მოქალაქეები?
უფრო მეტად, ამ ღონისძიებებზე წარმოდგენილი იყვნენ დიპლომატიური კორპუსის წევრები, რომლებიც იაპონიაში არიან აკრედიტებული. გარდა ამისა, გამოფენაზე უფრო მეტად მოდიოდნენ იაპონელები. მათი სიმრავლე შეინიშნებოდა ღონისძიებებზე.
საქართველო რომ დადასტურებულად ღვინის სამშობლოა, ზოგადად, ღვინის ინდუსტრიაში სიახლეს წარმოადგენს. რამდენიმე წლის წინ ქვევრით ღვინის დაყენების მეთოდს იუნესკო-მ არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიანიჭა, შესაბამისად, ეს მნიშვნელოვანი კოზირი გახდა ამ დიდ ინდუსტრიაში.
იაპონიაში სხვადასხვა კუთხით ბევრი მეგობარი გავიჩინეთ სახელოვნებო სფეროდან: ჟურნალისტები, წიგნების გამომცემლები, თავისთავად, ღვინის სექტორისა და ბიზნესის წარმომადგენლები, რაც უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვის.
როგორ ფიქრობთ, აქტივობებმა, რაც თქვენ განახორციელეთ, რამდენად უბიძგა დამთვალიერებლებს ქმედებისკენ, რომ ჩამოსულიყვნენ ჩვენს ქვეყანაში და ადგილზე გაცნობოდნენ საქართველოს კულტურას, სამზარეულოს, ღვინოს?
ვფიქრობ, რომ საკმაოდ. ჩვენ წლის ბოლოს ჩანიშნული ვიზიტების განხორციელებას ველოდებით. საქართველოში უკვე 2 ჯგუფი მივიღეთ. ერთი იყო იაპონელი ჟურნალისტების ჯგუფი ახლახან და ასევე ჩამოვიდა იაპონიის წამყვანი ტელევიზიის, NHK-ს გადამღები ჯგუფი. ისინი საქართველოში უკვე მუშაობენ. ზუსტად ჩვენ მიერ ჩატარებული გამოფენის შემდეგ გახდა მათთვის საქართველოს შესახებ ცნობილი, მოვიდნენ, წერილები გამოაგზავნეს, შეგხვდნენ და გადაცემის მომზადება დაიწყეს.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები საფრანგეთისა და იაპონიის გამოფენის შემდეგ?
ღონისძიებების ფორმატი საფრანგეთისგან განსხვავებით, იაპონიაში ცოტა შეიცვალა, რათა სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული პროექტები გვქონოდა წარმოდგენილი. Sony Musical Communications-თან პარტნიორობით შევძელით და ტექნოლოგიური მიმართულებით იაპონიაში ჩატარებულ გამოფენაზე ახალი სიტყვა ვთქვით. ორივე მხარემ ვიმუშავეთ და საბოლოოდ, კარგი შედეგი მივიღეთ. ეს არის პატარა ჩანახატები საქართველოზე, ღვინის ისტორიაზე, წარმომავლობაზე, რომელიც გულისხმობს ადამიანის ჩართულობას 360 გრადუსიან ვიდეო ჩვენებაში. ეს იმას ნიშნავს, რომ პროექციის მსვლელობის დროს ადამიანს შეუძლია, მივიდეს, არ შეეხოს ეკრანს და ხელის ჩრდილის გამოსახულების მეშვეობით მასზე კონკრეტული ინფორმაცია გამოიტანოს.
ახლა ჩვენი საელჩოების დახმარებით ამერიკის, ჩინეთისა და კორეის მიმართულებით ვმუშაობთ, ვინაიდან ვფიქრობთ, რომ ესეც უმნიშვნელოვანესი ბაზრებია. ბუნებრივია, ჩინეთში ვართ წარმოდგენილები და და გვინდა, ეს პროექტი იქაც ჩავიტანოთ. ამერიკის ბაზარი ხომ ყველასთვის საოცნებოა და გვინდა, რომ 2020 წლისთვის როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ სანაპიროზე წარვსდგეთ.