შეხვედრა ანაკლიის პორტის ინვესტორებსა და მთავრობას შორის 21 მაისს შედგება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ანაკლიის განვითარების კონსორციუმში" განუცხადეს.
კონსორციუმის განმარტებით, ინფრასტრუქტურისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მაია ცქიტიშვილთან შეხვედრაში მონაწილეობას ანაკლიის პორტის 4 ინვესტორი ბანკი - EBRD, OPIC, ADB და AIIB1 მიიღებენ.
ამასთან, როგორც კონსორციუმში აცხადებენ, შეხვედრას „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი და კონსორციუმის იურისტებიც დაესწრებიან.
არსებული ინფორმაციით, შეხვედრაზე ინვესტორი ბანკების მიერ წამოყენებული მოთხოვნების განხილვა მოხდება და სწორედ ამ შეხვედრის შედეგებსა და მხარეებს შორის შეთანხმებაზეა დამოკიდებული, დააფინანსებენ თუ არა ინვესტორი ბანკები 400 მლნ დოლარით პორტის მშენებლობას.
შეგახსენებთ, სახელმწიფოსა და ანაკლიის პორტის ინვესტორებს შორის შეხვედრა ჯერ კიდევ აპრილში უნდა გამართულიყო, თუმცა მოლაპარაკებათა პროცესი მაისამდე გადაიდო.