სან-ფრანცისკოში კანონმდებლებმა სახის ამომცნობი სისტემის აკრძალვას ხმა მისცეს, შესაბამისად, ის აშშ-ში პირველი ქალაქი იქნება, სადაც ეს რეგულაცია ძალაში შევა.
უფრო კონკრეტულად, აღნიშნული ტექნოლოგიის გამოყენება აიკრძალება ისეთ ადგილობრივ სააგენტოებში, როგორიც არის ქალაქის სატრანსპორტო თუ სამართალდამცავი ორგანოები. გარდა ამისა, ნებისმიერი სახის ტექნოლოგიური საშუალების შეძენის სურვილის შემთხვევაში, ინიციატივა ქალაქის ადმინისტრაციამ უნდა დაამტკიცოს.
როგორც საკანონმდებლო ცვლილების ოპონენტები აღნიშნავენ, ახალი რეგულაცია საზოგადოების უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნის და კრიმინალთან ბრძოლის ძალისხმევას ხელს შეუშლის.
კანონის მხარდამჭერები კი თავის მხრივ, აღნიშნავენ, რომ სახის ამომცნობი სისტემები და მსგავსი ტექნოლოგიები რა ფორმითაც არსებობს, არასანდოა და ადამიანების პირად სივრცესა და თავისუფლებას საფრთხეს უქმნის.
„ამ კენჭისყრით, სან-ფრანცისკომ გამოაცხადა, რომ სახის ამომცნობი ტექნოლოგია ჯანსაღ დემოკრატიასთან შეუთავსებელია, მოქალაქეები კი იმსახურებენ, მაღალი ტექნოლოგიური მიღწევების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებისას საკუთარი ხმა გაგვაგონონ“, - განაცხადა ამერიკული სამოქალაქო თავისუფლების კავშირის წარმომადგენელმა მეთ ქეგლმა.
სან-ფრანცისკოში სახის ზედამხედველობის სისტემის აკრძალვასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები ძალაში მეორე კენჭისყრის შემდეგ, მომავალ კვირას შევა.
აღსანიშნავია, რომ ახალი წესები არ შეეხება სან-ფრანცისკოში არსებულ ისეთ ობიექტებს, რომელიც ფედერალურ დონეზე იმართება. უფრო კონკრეტულად, კი რეგულაცია აეროპორტსა და საზღვაო პორტს არ შეეხება.
მოამზადა მარიამ მენაბდიშვილმა