უცხოური გამოცემა Business Insider ასახელებს 7 მიზეზს - თუ რატომ არის სამსახურის შეცვლა კარგი ჩვენი კარიერული და პიროვნული ზრდისთვის და განვითარებისთვის.
გამოცემის მტკიცებით, ხანგრძლივი კვლევებით დადასტურდა, რომ თავიანთი საქმის პროფესიონალებს ცხოვრების მანძილზე 7-მდე კარიერული საფეხური აქვთ გამოვლილი.
კარიერის ექსპერტის მოსაზრებით, ცხოვრების მანძილზე შვიდი კარიერის აწყობა ცუდი სულაც არ არის. ეს პროცესი მოიცავს რამდენიმე წელში ერთხელ სამსახურის რეგულარულად ცვლილებას, მიუხედავად იმისა, თუ არსებული სამუშაო ადგილი ძალიან მოგწონთ და თავს კომფორტულადაც გრძნობთ.
ცვლილება რთულია, მაგრამ წარმატებისთვის საფასურის გადახდა გვიწევს, როგორც პიროვნულად, ისე პროფესიულ დონეზე.
დინებას ადვილად მიჰყვებით - ეს კი პრობლემა ხდება
როცა ნებისმიერ რამეში კომფორტს ვნახავთ, იქნება ეს სამსახური, ურთიერთობა თუ აკადემიური საქმიანობა, ვდუნდებით და დინებას მივყვებით.
ბევრი პროფესიონალი ერთ კონკრეტულ სამსახურში პოულობს კომფორტის ზონას და რჩება კიდევ მასში. როგორც კარიერის დაგეგმვის ექსპერტები აღნიშნავენ, კარგ პროფესიონალებს ბევრი აქვთ დასაკარგი.
როგორც ისინი განმარტავენ, დინებისთვის მიყოლა საშუალებას არ გვაძლევს, ჩვენი პოტენციალი ბოლომდე გამოვავლინოთ, როცა ოდნავი დისკომფორტის შემთხვევაში მაშინვე მეტი ენერგიის დახარჯვას ვიწყებთ. იმისთვის, რომ როგორც პროფესიონალებმა ერთი ადგილი არ ვტკეპნოთ, ექსპერტები გვირჩევენ, დაუყოვნებლივ შევიცვალოთ სამსახური.
ერთსა და იმავე სამსახურში მუშაობით, რეალურად, ფულს კარგავ
ერთ კონკრეტულ კომპანიაში 2 წლის გატარება საკმარისია იმისთვის, რომ შენი პროფესიონალიზმის გათვალისწინებით იმ რაოდენობით ანაზღაურება გადაგიხადონ, რასაც იმსახურებ.
თავდაპირველად, იწყებ საბაზისო ხელფასით და განვითარებასთან ერთად, ანაზღაურებაც იზრდება. მიუხედავად იმისა, როგორი პროფესიონალიც არ უნდა იყოთ, არსებობს გარკვეული ლიმიტი, რომლის შემდეგაც მენეჯერები ანაზღაურებას აღარ გაგიზრდიან, როცა იმავე პოზიციაზე შეიძლება, სხვაგან მეტი გადაგიხადონ. თუ თქვენს კარიერულ ზრდასთან ერთად მაღალი ანაზღაურება ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია, მაშინ ახალი სამსახური უნდა ეძებოთ.
2019 წელი სამსახურის შესაცვლელად საუკეთესო დროა
კადრების მოძიებისა და კარიერის დაგეგმვის ვებ-გვერდის აღმასრულებელი დირექტორი განმარტავს, რომ 2019 წელს ახალი თანამშრომლების აყვანის ყველაზე დიდი სურვილი დაფიქსირდა, რასაც სტატისტიკური მონაცემებიც ასახავს.
ცვლილებების განხორციელებისას, როგორც პროფესიონალი თავს უხერხულად გრძნობთ? მაინც მოძებნეთ ახალი სამსახური
თქვენს კვალიფიკაციაზე დაბალ პოზიციაზე მუშაობაზე თანხმობას, სჯობს, უფრო მაღალ პოზიციებს დათანხმდეთ. ეს საკუთარი შესაძლებლობების ბოლომდე გამოვლენის საშუალებას მოგცემთ, რადგან ერთგვარი გამოწვევა და სამომავლო ინვესტიციაა. იმისთვის, რომ დაკისრებულ მოვალეობას თავი ეფექტურად გაართვან, ახალ პოზიციაზე დანიშვნისთანავე, ადამიანები ახალ უნარებს იძენენ და გამოცდილებას აგროვებენ, რაც სამომავლოდ, როგორც პროფესიონალებს ძალიან ეხმარებათ.
შესაძლოა, უმადურობის გამო, საკუთარი თავის გრცხვენია
როგორც კარიერის ექსპერტები აღნიშნავენ, ბევრ პროფესიონალს აქვს განცდა, რომ რაც აქვს, ამისთვის მადლობელი უნდა იყოს და დაფასება უნდა ისწავლოს. რა თქმა უნდა, ეს მეტის მიღების სურვილს ამცირებს.
ამ დროს ადამიანმა საკუთარ თავს უნდა ჰკითხოს: „ეს სამუშაო ადგილი მე, როგორც პროფესიონალს რამდენად მაძლიერებს?“, „აფართოებს თუ არა ჩემს ინტერესის არეალს?“ „ამ ორგანიზაციაში არსებული გარემო მე, როგორც პიროვნებას შემეფერება?“, „არის ეს ის საქმე, რისი კეთებაც ჩემს ცხოვრებაში მინდოდა?“.
პროფესიონალისთვის სამსახურის შეცვლა არის შანსი, ლიდერი გახდეს
არსებობენ თუ არა პროფესიონალები, რომელთა საქმიანობაც ძალიან მოგწონთ და ისურვებდით, მათ ჰგავდეთ? ამის შანსი არასდროს მოგეცემათ, თუ ერთსა და იმავე სამსახურს და ერთსა და იმავე პოზიციას მიეჯაჭვებით.
ცხოვრების რაღაც ეტაპზე დგება დრო, გააკეთო ის, რაც გიყვარს
6 წლის განმავლობაში კარიერის დაგეგმვის ექსპერტი გრეისი მილერი ადამიანებს ეხმარებოდა, შეეცვალათ სამსახური იმის მიუხედავად, იყვნენ თუ არა ამისთვის მზად.
მილერმა აღმოაჩინა, რომ მისი კლიენტები თავიანთ საქმეს კარგად ასრულებდნენ, მაგრამ თითქოს რაღაც აკლდათ. ექსპერტთან მუშაობისას ბევრმა სხვა ახალი შესაძლებლობები აღმოაჩინა და მიხვდა, რომ არსებული სამსახური აღარ აინტერესებდა, ამიტომ იმის კეთება დაიწყო, რაც სურდა და მოსწონდა.
როგორც გრეისი მილერი ამბობს, ხანგრძლივი ბედნიერებისთვის უმჯობესია გარისკო. ექსპერტის თქმით, საკუთარი თავის აღმოჩენა და ძიება განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.
როცა აღმოაჩენ, რისი კეთებაც გსურს, ამით შენც ბედნიერი იქნები და შენი გარშემომყოფებიც.
მოამზადა მარიამ მენაბდიშვილმა