შეერთებულ შტატებში მარაგების ზრდის და აშშ-ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობის მორიგი გამწვავების გამო, ნავთობის ფასი შემცირდა, თუმცა კლებას ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბულობა ზღუდავს.
ბრენტ მარკის ერთი ბარელი ნავთობის ფასი დღეს 45 ცენტით, 70.79 დოლარამდე შემცირდა. აშშ-ის დასავლეთ ტექსასური საშუალოს ფასმა კი, 63 ცენტით, 61.15 დოლარამდე დაიკლო.
ამერიკის ნავთობის ინსტიტუტის (API) ინფორმაციით, ამერიკაში ნედლი ნავთობის მარაგი გასულ კვირას 8.6 მილიონი ბარელით, 477.8 მილიონ ბარელამდე გაიზარდა.
ანალიტიკოსები მარაგის 800 000 ბარელით ზრდას ვარაუდობდნენ.
ოფიციალურ მონაცემებს აშშ-ის ენერგიის დეპარტამენტის ენერგიის საინფორმაციო ადმინისტრაცია დღეს გამოაქვეყნებს.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინთთან სავაჭრო ომს, „მცირე ჩხუბი“ უწოდა. ამასთან დაამატა, რომ მსოფლიოს ორ უდიდეს ეკონომიკას შორის მოლაპარაკება არ ჩაშლილა და გრძელდება.
აშშ-სა და ჩინეთს შორის ურთიერთობის გამწვავება, გლობალურ ეკონომიკაზე უარყოფითად მოქმედებს, რასაც ნავთობზე მოთხოვნის შემცირება და ფასის ვარდნა მოჰყვება.
ნავთობის შემცირებას ზღუდავს ის ფაქტი, რომ საუდის არაბეთის ორ ნავთობსაქაჩ ჭაბურღილზე, სამხედრო დრონებით თავდასხმა მოხდა. ორი დღით ადრე კი გაერთიანებული არაბული საემიროების სანაპიროს სიახლოვეს, საუდეთის ტანკერებზე თავდასხმა მოხდა.
არსებობს ეჭვი, რომ ამ ორ მოვლენას ირანთან აქვს კავშირი, რომელიც საუდის არაბეთს, ბაზარზე ირანული ნავთობის დანკლისის შევსების გამო უხდის სამაგიეროს და იმავდროულად ცდილობს, რომ მსოფლიომ ბაზრიდან ირანის გაძევება უფრო მტკივნეულად აღიქვას.
პარალელურად, OPEC (ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია) აცხადებს, რომ მსოფლიო ბაზარზე, ნავთობზე მოთხოვნის ზრდაა მოსალოდნელი. ეს შესაძლოა, იმის წინაპირობა იყოს, რომ ორგანიზაცია მიწოდების შეზღუდვას შეამცირებს, ან მოხსნის.