„ჭკვიანი“ სათბური, რომელიც უდაბნოში პომიდორსაც კი მოიყვანს

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სურსათის დაახლოებით 80% იმპორტირებულია.

ქვეყნის დედაქალაქ აბუ-დაბიში ახლადწამოწყებული ბიზნესი ამ რეალობის შეცვლას ემსახურება. 2016 წელს დაარსდა კომპანია „Pure Harvest Smart Farms“, რომელიც „ჭკვიან“ სათბურებს აწარმოებს.

ამ სათბურებში გამოიყენება ტექნოლოგია, რომელიც მკაცრ პირობებში სოფლის მეურნეობის წარმოების საშუალებას იძლევა. ამჟამად, სათბურებში ჯერ მხოლოდ პომიდორი მოჰყავთ. „მე მინდოდა შემექმნა რამე ეფექტური და მნიშვნელოვანი,“ - განაცხადა კომპანიის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, სკაი კურტსმა.

“რამე, რაც ერთდროულად უზრუნველყოფდა რეგიონში სურსათის უვნებლობას, წყლის რაციონალურად გამოყენებას, ეკონომიკის მრავალმხვრივ განვითარებასა და მდგრადობას". სპარსეთის ყურის რეგიონში, ცხელი ზაფხულის პერიოდში, ტემპერატურამ შესაძლოა ფარენგეიტის შკალით 120 გრადუსს მიაღწიოს. სათბურებში კი მოსავლის მოყვანისათვის ოპტიმალური გარემოა შენარჩუნებული. სათბურებში დამონტაჟებული თანამედროვე სისტემა უზრუნველყოფს მონაცემთა ანალიზსა და მზის სინათლის, ტემპერატურისა და ტენიანობის რეგულირებას. ასევე, წარმოებს სხვა მაჩვენებლების კონტროლიც, როგორიცაა მაგალითად ნახშირორჟანგის, წყლისა და ჰაერის ნაკადის ოდენობა. აღნიშნული სათბურები ადამიანის ხელს მაინც საჭიროებს, ნარგავების კონტროლის და მიღებული ინფორმაციის სისტემაში შეყვანის მიმართულებით, რათა მოხდეს სათბურში მონაცემების კლიმატის შესაბამისად დარეგულირება. „მომავალში შესაძლებელია ნარგავებში სენსორების დამონტაჟება შევძლოთ და ადამიანის ჩარევაც აღარ იქნება საჭირო,“ - განაცხადა იან პრინსმა „CNN“-თან ინტერვიუს დროს, ის ამ მეურნეობის წამყვანი სპეციალისტია.

პრინსი ამბობს, რომ ამ ტექნოლოგიის დახვეწაზე მსოფლიო მასშტაბით ათასობით ადამიანი მუშაობს. აღნიშნული ტექნოლოგია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფას ემსახურება, მაგრამ ამ გამოგონებამ შესაძლებელია საამიროებს ახალი საექსპორტო შესაძლებლობები შემატოს.

ექსპერტების გათვლებით, 2050 წლისათვის, მსოფლიოში სურსათის წარმოება უნდა გაორმაგდეს, თუმცა ამისთვის საჭიროა სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების მოდერნიზება, ხოლო „ჭკვიანი“ სათბური ამის ნათელი მაგალითია.

მარიამ შავლიაშვილი