ვიმედოვნებთ, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 2019 წლის ოქტომბერში საშუალება გვექნება გაფართოების სამუშაოები დავიწყოთ, - ამის შესახებ "ტავ ჯორჯიას" გენერალური მენეჯერის მოადგილემ თეა ზაქარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, გაფართოების შემდეგ აეროპორტი მილიონზე მეტი მგზავრის მიღებას შეძლებს.
„ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში გაფართოების სამუშაოები არ დაწყებულა. ჩვენ მოლაპარაკება გვაქვს ეკონომიკის სამინისტროსთან და აეროპორტების გაერთიანებასთან. ვიმედოვნებთ, რომ 2019 წლის ოქტომბერში საშუალება გვექნება დავიწყოთ გაფართოების სამუშაოები. გარწმუნებთ, რომ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი ამ ზაფხულს მზად არის მგზავრების მისაღებად და პრობლემა არ გვექნება მომსახურების კუთხით არანაირი. გვემატება ბევრი ახალი რეისი",- განაცხადა ზაქარაძემ.
რაც შეეხება ინვესტიციის მოცულობას, ზაქარაძის თქმით, ის 10 მილიონი დოლარი იქნება.
„გაფართოების გეგმა არის მილიონ 300 ათას მგზავრამდე. ახლა არის 500-550 ათასი. არსებულ ტერმინალს დაემატება გვერდით გაფრენა-მოფრენის ტერმინალები“, - აღნიშნა ზაქარაძემ.